რუსული კანონი

ჯაბა სამუშია: თსუ-ს არჩევანი ევროპაა

ჯაბა სამუშია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია უცხოური აგენტების კანონპროექტის სტუდენტების მიერ გაპროტესტებას ეხმაურება და ამბობს, რომ, კანონთან დაკავშირებით, მათთან შეხვედრას გეგმავს. 

ამის შესახებ სამუშიამ საკუთარ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა

სამუშია ამბობს, რომ თსუ ევროპას ირჩევს.

"თსუ-ს არჩევანი ევროპაა. როგორც თსუ-ს რექტორს მიმაჩნია, რომ დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩემთვის, იმავდროულად, მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უსაფრთხოება. უახლოეს დღეებში ვფიქრობ სტუდენტებთან შეხვედრას ამ კანონის შესახებ". – წერს ჯაბა სამუშია. 

მან ამის დაწერიდან რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც ასევე ნათქვამი იყო, რომ არჩევანი ევროპაა და საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. "შინ ევროპისკენ", – წერდა სამუშია ნახსენებ პოსტში.

"ჩვენი არჩევანი ევროპაა!

საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, ქართული სახელმწიფოს მიერ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული საგარეო-პოლიტიკური კურსის კანონზომიერი გაგრძელებაა.

შუა საუკუნეებში დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანულ სამყაროსთან ასოცირდებოდა. რელიგიურმა ფაქტორმა მართლაც დიდი როლი ითამაშა ევროპის, როგორც ერთიანი გეოკულტურული სივრცის ფორმირებაში. ქართველების სწრაფვა ევროპისკენ სწორედ ამით იყო განპირობებული, რადგან ჩვენ ამ სივრცეში ვეძებდით ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებს.

საერთო ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივა 1918-1921 წლებშიც არსებობდა. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტს ევროპულ ქვეყნებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა.

ისტორიულად და დღევანდელ რეალობაშიც საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია!

საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია!

შინ ევროპისკენ!". – დაწერა სამუშიამ.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები