რუსული კანონი

ფონ კრამონი: საქართველოს მთავრობამ უღალატა ქვეყანას, კონსტიტუციას, ხალხს

ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიიდან, ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყანასა და საკუთარ ხალხს უღალატა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

"საქართველოს ხელისუფლებამ უღალატა საქართველოს, უღალატა საკუთარ კონსტიტუციას, საკუთარ ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს. ვდგავართ იმ მამაცი ხალხის გვერდზე, ვინც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვის და არ სურს იყოს "რუსული სამყაროს" ნაწილი". – წერს ევროპარლამენტარი. 

გასულ დღეს ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენები მას უკრაინის მაიდანს ახსენებდა. 

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები