რუსული კანონი

უკრაინა: სოლიდარული ვართ ქართველთა ევროპული მომავლის შენების გაგრძელების სურვილისადმი

პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომელთაც ევროკავშირის დროშა უჭირავთ, სპეცრაზმი წყლის ჭავლით არბევს. 2023 წლის 7 მარტი.
AFP/ზურაბ ცერცვაძე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

როგორც ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფის, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს მისი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, მშვიდობიანი პროტესტის უფლების ჩათვლით.

ასევე ვითვალისწინებთ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიზანს, დაადოს ვეტო ე.წ. "უცხოურ აგენტთა" კანონს, რომელიც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას. ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი ამჟამინდელი ვერსიის სახით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს.

გამოვთქვამთ სოლიდარობას ქართველი ხალხის სურვილის მიმართ, განაგრძონ საქართველოს ევროპული მომავლის შენება". – წერია უკრაინის განცხადებაში. 

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები