რუსული კანონი

არძინბა: აშშ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს

ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას მტკიცებით, აშშ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს.

მისივე მტკიცებით, აშშ-ს მიზანი სამხრეთ კავკასიაში "მეორე ფრონტის" გახსნაა. მეორე ფრონტის ნარატივს აქტიურად იყენებს საქართველოს მმართველი პარტია, ქართული ოცნებაც.

"აშშ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საშინაო საქმეში კიდევ ერთხელ უხეშად ერევა. ჩვენი ინფორმაციით, მარტში ამერიკელები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას შეეცდებიან. ეს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურას საფრთხეს უქმნის. აშშ-ს მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნაა". – თქვა არძინბამ.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები