რუსული კანონი

თბილისის აქციების ფონზე, გაგლოევს ე.წ. საზღვართან ძალოვნები გაძლიერებულ რეჟიმზე გადაჰყავს

ოსი სეპარატისტები
AP

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა თბილისის საპროტესტო აქციების ფონზე უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა და ე.წ. საზღვართან ძალოვნები გაძლიერებულ მუშაობაზე გადაიყვანა.

"საზღვარზე შესაძლო ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით, სამართალდამცავი ორგანოები მსახურების გაძლიერებულ რეჟიმში გადაიყვანეს". – თქვა მარიონეტი ლიდერის პრესსპიკერმა.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები