თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის კინოფესტივალი რუსული კანონის შესახებ: ეს კანონი ქვეყანას რუსეთის სატელიტად აქცევს

Facebook

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს უერთდება. საქართველოს მთავარი კინოფესტივალი განცხადებას ავრცელებს:

"თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი და მისი ორგანიზატორი - ა(ა)იპ კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე - უერთდება საყოველთაო პროტესტს საქართველოს პარლამენტართა ერთი ჯგუფის მიერ განსახილველად შემოტანილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტის წინააღმდეგ.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს კანონი მიმართულია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განათლების, მეცნიერების, კულტურის განვითარების წინააღმდეგ, ზოგადად დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ და მკვეთრად ანტიდასავლურ ხასიათს ატარებს. ამ კანონის მიღება ქვეყანას დაანგრევს, საბოლოოდ ჩამოაშორებს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, დაცულობისკენ მიმავალ გზას და ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს, გადააქცევს რა მას ავტორიტარულ სახელმწიფოდ და რუსეთის სატელიტად. საქართველო დაკარგავს დამოუკიდებლობას. 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის, ისევე როგორც ბევრი სხვა კულტურული ღონისძიების ჩატარება წარმოუდგენელია უცხოელი პარტნიორების და დონორების დახმარების გარეშე. კანონის ამოქმედება უარყოფით გავლენას იქონიებს ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების ურთიერთობაზე და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კინოფორუმის ჩატარებას. 

იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა კინემატოგრაფისტი, მიუხედავად იმისა, კერძო სექტორშია დასაქმებული თუ სახელმწიფო სტრუქტურაში, შეუერთდება ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს". – წერია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფეისბუქ გვერდზე.

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს.

კომენტარები