რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მსოფლიო მასშტაბის მოთამაშე არარეალისტურ გეგმას არ უნდა გვთავაზობდეს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ჩინეთის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უარყოფითად შეაფასა და ჩინეთს მოუწოდა ფსონი იმ აგრესორზე არ დადოს, რომელიც დამარცხებისთვისაა განწირული. 

"სამშვიდობო გეგმა, რომელიც მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას ისახავს მიზნად, ვერ იქნება სამშვიდობო. ამით მხოლოდ ომის ერთ ადგილას გაყინვაა შესაძლებელი, რადგან საზღვრების გადმოწევა და ოკუპაცია არ წყდება. 
უკრაინის პოზიცია ნათელია - რუსეთის ჯარებმა უკან უნდა დაიხიოს 1991 წლით აღიარებულ საზღვრებამდე.

თუ თავი მსოფლიო მასშტაბის მოთამაშედ მოგაქვს, არარეალისტური ინიციატივა არ უნდა წამოაყენო, ფსონს იმ აგრესორზე არ უნდა დებდე, რომელმაც საერთაშორისო სამართალი დაარღვია და ომში დამარცხდება. ეს არაა შორსმჭვრეტელი ხედვა. ის, ვინც ათწლეულები გეგმებს აწყობს, 3-დღიანი თამაშით არ კმაყოფილდება". - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩეველი, პოდოლიაკი Twitter-ზე. 


რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც კონფლიქტის თანდათანობით დეესკალაციას ისახავს მიზნად. ჩინეთი კრიზისის დასარეგულირებლად მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გეგმა მოიცავს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტასა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის აღდგენას. 

რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა ჩინეთის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მეტწილად დადებითად შეაფასა. მათი თქმით, ისინი მიესალმებიან კონფლიქტის გადაჭრაში ჩინეთის ჩართულობას. 

კომენტარები