კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

მდინარაძე: ბოდიში მას აქვს მოსახდელი, ვინც "რადიკალური ისლამიზმი" მუსლიმებთან დააკავშირა

მამუკა მდინარაძე
ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მის მიერ "რადიკალურ ისლამიზმზე" გაკეთებული განცხადების კრიტიკას ეხმაურება. მდინარაძე ამტკიცებს, რომ ბოდიში არა მას, არამედ იმ ადამიანებს აქვთ მოსახდელი, რომლებმაც "რადიკალური ისლამიზმის" ხსენება საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს დაუკავშირეს.  

"ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით რელიგიური რადიკალიზმის წახალისება.

სწორედ ამისი მცდელობა აქვს ომის პარტიის ერთ-ერთ დანაყოფს!

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩვენს დებს და ძმებს, სწორედ მათი და ჩვენი საუკუნოვანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის უმძიმესი შეურაცხყოფაა "რადიკალური ისლამიზმის" ხსენებისას ამ ფრაზის მუსლიმებთან დაკავშირება და მათთან ასოცირების მცდელობა!

ვინც ამას კადრულობს, მას კი ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი!" - დაწერა მამუკა მდინარაძემ.  

მდინარაძემ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას თქვა, რომ არავინ იცის, როგორ ფინანსდებიან "რადიკალური ისლამიზმის რაღაც მიმდევრობები და კონცეფციები".

"იმაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, რომ ამ ქვეყანაში რადიკალური ისლამიზმის რაღაც მიმდევრობების და კონცეფციების დაფინანსება ხდება და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის, რა ფინანსდება და რისი პროპაგანდა მიდის?! ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაინც და მაინც დასავლეთს მიახტებიან ხოლმე - დაფინანსება ჩრდილოეთიდანაც არის, სამხრეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც". - თქვა მან. 

კომენტარები