კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ნაკაიძე: ოცნებამ გააძლიერა საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივება

ტარიელ ნაკაიძე

"ქართულმა ოცნებამ გააძლიერა საქართველოში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება".- აცხადებს პარლამენტის დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე. 

ნაკაიძე ქართული ოცნების დეპუტატს, მამუკა მდინარაძეს ეხმიანება და ამბობს, რომ ის ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონის გატანის მცდელობით, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილს მიზანმიმართულად აღვივებს.

"ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტს უკავშირებს, თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს.

ამ განცხადებით ქართული ოცნება, კერძოდ ბატონი მდინარაძე, მართლაც და ამ რუსული კანონის გატანის მცდელობით მიზან მიმართულად ეწევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას.

რას ნიშნავს რადიკალური ისლამი? თუ არსებობენ ქვეყანაში ადამიანები ვინც ძალადობრივ ქმედებებს სჩადიან ან მოუწოდებენ, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური. მდინარაძის ეს განცხადება ემსახურება ქვეყანაში ისლამოფობიის გაღვივებას და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის დისკრედიტაციას. სწორედ ეს არის ჩვენი შიშები ამ კანონის მიღების შემდეგ, ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციები გამოაცხადონ აგენტებად და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეზღუდონ მათი საქმიანობა.

აქამდე თუ საქართველოს მუსლიმი საზოგადოების ძალადობრივ ნაწილად წარმოჩენა ხელისუფლების თვითმიზანი იყო, ახლა უკვე მას ქართული ოცნება ინსტრუმენტად იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. პირველ რიგში, მუსლიმი თემის ინტერესია, რომ მის წიაღში არ ხდებოდეს ძალადობისკენ მოწოდება და რადიკალურ ექსტრემისტული ჯგუფების ორგანიზება, რადგან მოძალადე და ექსტრემისტი არ არჩევს მუსლიმს და არა მუსლიმს".- წერს ნაკაიძე FACEBOOK-ზე. 

მან კანონპროექტის ერთერთ ავტორს, სოზარ სუბარსაც მიმართა და მას "რადიკალური ისლამის" განმარტება სთხოვა, ეთანხმება თუ არა მსგავს გამოთქმებს. 

ნაკაიძე აცხადებს, რომ მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს "ასეთი შეურაცხყოფისთვის".

"აისისის მუქარის ადრესატი არა ერთხელ გავმხდარვარ. თუ საქართველოში ფინანსდებიან ექსტრემისტული მოძრაობები, რასაც ისლამთან საერთო არაფერი აქვს, მაშინ როგორ მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?

ჩემი მანდატის ფარგლებში უფლება მაქვს ვიცოდე და კატეგორიულად მოვითხოვო, სადეპუტატო კითხვით მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რა ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებენ ქვეყანაში, რომელსაც მდინარაძე რადიკალურ ისლამიზმს ეძახის?

თუმცა ყველაფერი ნათელია, ქართულ ოცნებას საქართველოს კონტექსტში რადიკალურ ისლამზე საუბარი სჭირდება რუსული კანონის გასატანად".- აღნიშნავს ტარიელ ნაკაიძე. 

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას თქვა, რომ არავინ იცის, როგორ ფინანსდებიან "რადიკალური ისლამიზმის რაღაც მიმდევრობები და კონცეფციები".

"იმაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, რომ ამ ქვეყანაში რადიკალური ისლამიზმის რაღაც მიმდევრობების და კონცეფციების დაფინანსება ხდება და კაციშვილმა არ იცის, საიდან რა ფული შემოდის, რა ფინანსდება და რისი პროპაგანდა მიდის?! ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაინც და მაინც დასავლეთს მიახტებიან ხოლმე - დაფინანსება ჩრდილოეთიდანაც არის, სამხრეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც". - თქვა მდინარაძემ. 

კომენტარები