ჯვრის მონასტერი

ხაბეიშვილი: ჯვრის მონასტერი, ფაქტობრივად, ინგრევა – პროფესიონალების ჩართვას ვთავაზობთ

კადრი ვიდეოდან/მთავარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ჯვრის მონასტერში უმძიმესი მდგომარეობაა, წყალი ჩადის, ქვები ცვივა და ის, ფაქტობრივად, ინგრევა. ხაბეიშვილის განცხადებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ის ხელისუფლებას დახმარებასა და პროფესიონალების ჩართვას სთავაზობს. 

"ახლა ჯვრის მონასტერში ვიმყოფებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და თეა წულუკიანის ხელში, ასევე, ფაქტობრივად, ინგრევა. ჯვრის მონასტერში ქვები ცვივა, წყალი ჩამოდის, არის ვანდალიზმის ფაქტები და მონასტერზე რუსული წარწერებია გაჩენილი. აქ უკიდურესად მძიმე რეალობა და მდგომარეობაა. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ეხება და პირველ რიგში, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ეხება ჯალა-თეას, რომელიც მინისტრია და რომელსაც გაჩერებული აქვს ის ფინანსები, რომელმაც ჯვრის მონასტრის რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს [...] ძალიან მნიშვნელოვანია, ჯვრის მონასტერში რეაბილიტაცია სწრაფად ჩატარდეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამერიკელებმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ამაში ასიათასობით დოლარი ჩადეს იმისთვის, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, მაგრამ წულუკიანს ეს ფინანსები შეჩერებული აქვს. შეუძლიათ, ერთი ხელის მოწერით, რამდენიმე წუთში აქ საქმიანობა დაიწყონ, რაც ჯვრის მონასტრის ნგრევის შეჩერებას უზრინველყოფს, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ხელისუფლება არ აკეთებს. ამ შემთხვევაშიც, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად, ვთავაზობთ დახმარებას, პროფესიონალების ჩართვას და თუ საჭიროა, ნებისმიერი ფორმით ჩვენ თანამონაწილეობას". - თქვა ლევან ხაბეიშვილმა ჯვრის მონასტერთან გამართულ ბრიფინგზე.

ასევე, 9 თებერვალს ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას შესთავაზა, რომ ის და მისი პარტია მზად არიან, გელათისთვის მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები ჩამოიყვანონ და ამის ხარჯი თავადვე უზრუნველყონ. ხაბეიშვილმა ასევე თქვა, რომ გელათიდან და ეკლესიიდან წულუკიანები, მაჯლაჯუნები და ეშმაკები უნდა განდევნონ.

კომენტარები