ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერთან გარემოვაჭრეები ხვალიდან აქციებს აანონსებენ

ჯვრის მონასტერთან მყოფი გარემოვაჭრეები ხვალიდან აქციებს აანონსებენ. მონასტერთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ საქმიანობას მხოლოდ მონასტრის წინამძღვარი კონსტანტინე ჯინჭარაული ეწინააღმდეგება. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ სავალ ნაწილზე არ დგანან და კანონს არ არღვევენ. 

ისინი ამბობენ რომ ეს "მამაოს ახირებაა" და ამის გამო შემოსავალი 2 კვირაა არ აქვთ. 

გარემოვაჭრეები არასამთავრობოებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. 

შეგახსენებთ, ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. ორი დღის განმავლობაში, მონასტერში მომლოცველებს და დამთვალიერებლებს არ უშვებდნენ. მიზეზად გარევაჭრობა დასახელდა. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღებოდა, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებდნენ. მოვაჭრეების მტკიცებით კი, სასულიერო პირს ვაჭრობა აქ თავად სურს.

საქართველოს საპატრიარქოს 15 იანვრის განცხადებით, "გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას, უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი". საქართველოს საპატრიარქომ მიმართა ხელისუფლებას და კულტურის სამინისტროს, "ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას".

ჯვრის მონასტერი 16 იანვარს გაიხსნა. იმავე დღეს, მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა დროებით შეჩერდა. გარემობაჭრეებმა ეს გადაწყვეტილება მცხეთის მერთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მათ ალტერნატიულ ფართებს ან ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო დახლებს დაპირდა. გარემოვაჭრეები პასუხს 21 იანვრამდე ელოდებოდნენ.

22 იანვარს გარემოვაჭრეებს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მისცეს. ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეები გააფრთხილა, ტერიტორია დატოვონ და საკუთარი დახლები აიღონ. გაფრთხილებას წინ ქალაქის ადმინისტრაციასა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა უსწრებდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

კომენტარები