გელათის სამონასტრო კომპლექსი

ხაბეიშვილი: გელათიდან წულუკიანები, მაჯლაჯუნები და ეშმაკები უნდა განვდევნოთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას შესთავაზა, რომ ის და მისი პარტია მზად არიან, გელათისთვის მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები ჩამოიყვანონ და ამის ხარჯი თავადვე უზრუნველყონ. ხაბეიშვილმა ასევე თქვა, რომ გელათიდან და ეკლესიიდან წულუკიანები, მაჯლაჯუნები და ეშმაკები უნდა განდევნონ.

"რასაც რუსეთი ჩვენს ეკლესიებთან დაკავშირებით აკეთებდა, ვგულისხმობ შეღებვებსა და ნგრევას, იგივეს აგრძელებს კრემლის ხელდასმით ბიძინა ივანიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც ანადგურებს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, გელათს და ამასთან დაკავშირებით, დასკვნა მისივე სამინისტროს კონკრეტულმა სამსახურმა დადო. ანუ, თეა წულუკიანის სამინისტროში შემავალმა კეთილსინდისიერმა ადამიანებმა გელათთან დაკავშირებით ოფიციალური დასკვნა დაწერეს, რომ უმძიმესი მდგომარეობაა. დიახ, ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი არიან პასუხისმგებელი იმ ვანდალიზმზე, რაც გელათში ხდება  [...] აი, აქ, ახლა, გელათს ანგრევენ და უკაცრავად და, ჩვენდა სამწუხაროდ, ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი ისტორიაც, ჩვენი ისტორიული ძეგლებიც, ეკლესიაც და მართლმადიდებლობაც. ამ ადამიანებს არაფერი აინტერესებთ. ამიტომ, ამ კრიმინალურ დაჯგუფებასთან მე კონკრეტული შეთავაზება მაქვს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ამას რისთვის ვაკეთებთ და ეს შეთავაზება რატომ გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ გელათთან დაკავშირებით მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები, პროფესიონალები და არა ვიღაც გაუგებარი წარმომავლობის ხალხი, ვინც გელათს შემოასიეს, ჩამოვიყვანოთ. მე და ნაციონალური მოძრაობა მზად ვართ, უზრუნველვყოთ მსოფლიოში ყველაზე კარგი ექსპერტებისა და პროფესიონალების ჩამოყვანა. ცხადია, ყველა გაწეულ ხარჯსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ  [...] ერთიც მინდა ვთქვა. ჩვენ ეკლესიიდან, გელათიდან უნდა განვდევნოთ წულუკიანები, მაჯლაჯუნები და ეშმაკები. ამ ხალხმა აქ არ უნდა დაიბუდოს". - თქვა ხაბეიშვილმა გელათის ტაძრიდან ჩართვის დროს.

31 იანვარს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა დასკვნა გელათის მოხატული ტაძრების კონსერვაციის პრობლემებზე. 

დასკვნაში ნათქვამია, რომ სამონასტრო კომპლექსში სამუშაოები არასრულფასოვნად მიმდინარეობს და მისი მართვის ხარისხი თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან შორს არის. 

"გადაწყვეტილებებისა და შეფასების პროცესიდან სამეცნიერო კომპონენტის გათიშვა, ერთიანი გეგმის, ვითარების გააზრების და მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე, მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის "გელათის მონასტერი" მართვის ხარისხი შორს არის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან". – წერია დასკვნაში.

დასკვნაში ასევე ხაზგასმულია იმ შეცდომებზე, რომლებმაც მონასტრის მოხატულობის დაზიანების პროცესს ხელი შეუწყო. 

"მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია, რომელსაც მოხატულობის დაზიანების პროცესის აქტივიზაცია მოყვა და თვითნებური ტონირება-რესტავრაცია, რომელიც მხატვრობის ავთენტურობის დარღვევას წარმოადგენს, სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს". – ვკითხულობთ დასკვნაში. 

კომენტარები