ჯვრის მონასტერი

აშშ-ის საელჩო: ჯვრის მონასტრის კონსერვაციის მეორე ფაზის პროექტი კონკურსის მეორე რაუნდშია

ჯვრის მონასტერი

ამერიკის საელჩომ საქართველოში Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ჯვრის მონასტრის კონსერვაციის მეორე ფაზის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსის მეორე რაუნდში გადავიდა.

"აღდგომის კვირა დღეს აშშ-ის საელჩო თქვენ და თქვენს ოჯახებს გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. გვსურს, ვისარგებლოთ ამ შემთხვევით და გაგიზიაროთ შესანიშნავი სიახლე აშშ-ის დაფინანსებით ჯვრის მონასტრის მიმდინარე კონსერვაციის პროექტთან დაკავშირებით.

ჯვრის მონასტრის მეორე ფაზის პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსის მეორე რაუნდში გადავიდა. შერჩევის შემთხვევაში დაფინანსდება ტაძრის მთლიანი გარე ფასადის კონსერვაციის სამუშაოები, ოთხივე ფასადი და გუმბათის რვავე მხარე, დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრის ფართობი. ჯვრის მონასტრის პროექტის მიმდინარე, პირველი ფაზა ფონდმა უკვე $100,000 დოლარით დააფინანსა", - წერია განცხადებაში.

ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველ ფაზა აშშ-ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა 2019 წელს, 100 000 დოლარით დააფინანსა. პირველი ფაზის ფარგლებში ჩატარდა ყოვლისმომცველი კვლევა ფასადის განადგურების და დაზიანების დონის დადგენისა და გეგმის შემუშავების მიზნით. 

ამ დრომდე, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 19 პროექტი აქვს დაფინანსებული, რომელთა საერთო ღირებულება 1.5 მილიონი დოლარია.

კომენტარები