კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

კობახიძე ზურაბიშვილზე: დარწმუნებული ვარ, მას არც ამერიკული კანონი წაუკითხავს და არც რუსული

მე არ მგონია, პრეზიდენტს წაკითხული ჰქონდეს ან ამერიკული კანონი, ან რუსული და ან ეს კანონპროექტი. დარწმუნებული ვარ, მას არცერთი არ აქვს წაკითხული და განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა. თუმცა, ეს მისი უფლებაა და ამაში ჩვენ ვერ შევალთ. პრეზიდენტს არაერთხელ უცდია, რომ მასთან კინკლაობაში შეგვიყვანოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მას კინკლაობაში არ ავყვებით. ეს ჩვენი მიზანი და ამოცანა არ არის. კანონპროექტის განხილვა ჯერ საერთოდ დაწყებულიც არ არის და პრეზიდენტი უკვე ვეტოს წინასწარ აცხადებს ისე, რომ შინაარსი არ იცის, რა იქნება მიღებული. ეს ღიმილის მომგვრელია. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ის თავად აცხადებდა, რომ ვეტომდებელი არ იქნებოდა. ასეთი რამ გიორგი მარგველაშვილსაც კი არ უკადრია, რომ ჯერ პარლამენტში განხილვაც არ დაწყებულა და უკვე ვეტოს ადებს იმ კანონს, რომელიც მიღებული არ არის და ბუნებაში არ არსებობს. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილის დეპუტატების მიერ "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ მომზადებული კანონპროექტი რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას ზურაბიშვილი მხარს ვერ დაუჭერს.

კომენტარები