ივანიშვილის დეპუტატები

ივანიშვილის დეპუტატები: ვაინიცირებთ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"

ივანიშვილის დეპუტატები პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის აინიცირებენ. დეპუტატების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში.

სწორედ ამიტომ, ხალხის ძალის მიერ შემოთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. 

ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან". – წერია განცხადებაში. 

დეპუტატები ასევე აღნიშნავენ, რომ უახლოეს დღეებში აპირებენ კიდევ ერთი კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც "მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედია სივრცეში სიცრუისა და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას". 

კომენტარები