ბადრი ესებუას საქმე

ადვოკატი: ესებუას მთავარი მოთხოვნა მისი ძმის გათავისუფლებაა, რომელიც მძევლად არის აყვანილი

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გახდა. როგორ უფლებადამცველი მთავარ არხთან საუბარში აღნიშნავს, ესებუა მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს, თუმცა მისი ძმის, ბიძინა ესებუას გათავისუფლებას ითხოვს. 

"პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ ბადრი ესებუას ძმა, რომელიც პირდაპირი გაგებით მძევლად არის აყვანილი, უნდა გათავისუფლდეს, ესაა მთავარი მოთხოვნა, როგორც ბადრის ასევე ზოგადად ყველასი. თუ რამე კითხვები ექნება საგამოძიებო უწყებას ბადრისთან არ არის პრობლემა, აქ იმყოფება და მზადაა ყველანაირ კითხვაზე უპასუხოს, მაგრამ ის, რაც ხდება ბადრის ოჯახს, ეს უნდა დასრულდეს, ესაა საშინელება, როცა შენს გამო ვინმე ოჯახის წევრს სახელმწიფო მძევლად აიყვანს".- ამბობს კობაიძე. 

ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, 2021 წლის ივლისში, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2021 წლის 12 დეკემბერს, ზუგდიდში ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების მტკიცებით, არსებობდა ვარაუდი, რომ მას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთი უნდა გადაეცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავა. მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს. 

პროკურატურის ცნობით, დაკავებისას ამოიღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლებიც. 


შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, თავდამსხმელის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ბადრი ესებუასთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. ის ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ. აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ იყო. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ 2020 წელს დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

კომენტარები