ბადრი ესებუას საქმე

სასამართლომ ბადრი ესებუას 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ ბადრი ესებუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე ბებიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

23 ივნისის სხდომაზე სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტის მოწყობისთვის და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებისთვის. აქამდე, ბადრი ესებუას მისჯილი ჰქონდა 4-წლიანი პატიმრობა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. შეკრებითობის პრინციპით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულს ჯამურად 13 წელი მოუწევს ციხეში გატარება. 

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, თავდამსხმელის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ბადრი ესებუასთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. ის ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" – მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ. აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის მხოლოდ 2023 წლის თებერვალში დააკავეს.

კომენტარები