ბადრი ესებუას საქმე

ბადრი ესებუამ უარი თქვა, რომ მისი ინტერესები ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუას პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ესებუამ განაცხადა, რომ არ სურს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას. 

ალექსანდრე კობაიძის თქმით, ბადრი ესებუას მისი აცილება აიძულეს. 

"დღეს პროცესზე დადასტურდა რომ ბადრი ესებუაზე მიმდინარეობს კოლოსალური ზეწოლა. მას ათქმევინეს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი, ამ შემთხვევაში ალექსანდრე კობაიძე უნდა აეცილებინა. რომ ვემშვიობებოდი ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ ეს მისი სურვილი არ იყო და მას გააკეთებინეს".- ამბობს კობაიძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავა. მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აცხადებს შსს. 

პროკურატურის ცნობით, დაკავებისას ამოიღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლებიც. 


შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, თავდამსხმელის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ბადრი ესებუასთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. ის ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ. აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ იყო. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ 2020 წელს დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

კომენტარები