ბადრი ესებუას საქმე

ბიძინა ესებუას ადვოკატი: ამბობს, რომ საბარგულში ტყვია, ხელყუმბარა, საჭმელი და თოკი ჩაუდეს

ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას ადვოკატი, იოსებ ჯანაშია ინტერპრესნიუსთან ამბობს, რომ დაკავებულის თქმით, ტყვიები, ხელყუმბარები, საჭმელი და თოკი საბარგულში ჩაუდეს. 

"ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს, ორი დღე იდგა სამსახურთან მანქანა და საბარგული არ იკეტებოდა, ჩადებულია ორი ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ცალი ტყვია, საჭმელი და თოკი. პოლიციის ვერსია არის, რომ თავის ძმასთან მიჰქონდა, მაგრამ გზაში დააკავეს. თუ თავის ძმასთან მიჰქონდა, თვალთვალი რატომ არ გააგრძელეს და რატომ არ გაყვნენ ბოლომდე? იქნებ მართლა შემდგარიყო ეს კონტაქტი. უბრალოდ რაღაც უაზრო თემაა. ცხადია, რომ ჩაუდეს". – ამბობს იოსებ ჯანაშია ინტერპრესნიუსთან. 

მისივე თქმით, დაკავებული ბადრი ესებუასთან რაიმე სახით კონტაქტს უარყოფს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 12 დეკემბერს, ზუგდიდში ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების მტკიცებით, არსებობდა ვარაუდი, რომ მას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთი უნდა გადაეცა. 

"პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი, "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს". – წერია განცხადებაში.

ბადრი ესებუა დაკავებული ამ დრომდე არ არის. 4 დეკემბერს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ ესებუა ძებნილად გამოცხადდა და "როცა დავაკავებთ, გაცნობებთ."

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი ოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები