საგარეო ვაჭრობა

ფეროშენადნობი, ნავთობი, ქვანახშირი – რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთის ბაზარზე

ნავთობის ბარელები
Creative Commons

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 461.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 459 მლნ დოლარია (38.5%), ხოლო იმპორტი - 1 002.8 მლნ დოლარი (+25.2%).

2023 წლის იანვარში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (87.8 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (69.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (51.9 მლნ. აშშ დოლარი). რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების სამეულია - რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.

გასულ თვეში რუსეთმა საქართველოსგან 87.8 მილიონი დოლარის საქონელი იყიდა. აქედან ნახევარზე მეტი (45.3 მლნ დოლარი) ფეროშენადნობებზე მოდის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2023 წლის იანვარში რუსეთმა ხუთჯერ მეტი (36.2 ტონა) ფეროშენადნობი იყიდა საქართველოსგან. რუსეთში ექსპორტი გაზრდილია ღვინოზე, მსუბუქ ავტომობილებზე და სპირტიან სასმელებზე, მცირედით შემცირდა მინერალურ და მტკნარ წყლებზე.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ რუსეთისგან გასულ წელთან შედარებით თითქმის შვიდჯერ მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი იყიდა. რუსეთიდან იმპორტი ასევე გაზრდილია ნავთობის აირებსა და სხვა აირისებრ ნახშირწყალბადებზე, ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილზე, ხორბალსა და მესლინზე. გარდა ამისა, საქართველომ რუსეთისგან გასულ თვეში 27 624.4 ტონა ქვანახშირი და მისგან მიღებული მყარი საწვავის სახეობები იყიდა, რაც თითქმის 80-ჯერ მეტია გასული წლის იმავე პერიოდზე.

 

კომენტარები