მფრინავი ობიექტები აშშ-ს საჰაერო სივრცეში

პენტაგონი: მიჩიგანში ჩამოგდებულ ობიექტს, შესაძლოა, სამოქალაქო ფრენებისთვის საფრთხე შეექმნა

ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებმა 4 თებერვალს ჩამოაგდეს.
AP

აშშ-ს თავდაცვის უწყება გასულ ღამეს მიჩიგანის შტატის ცაში ჩამოგდებულ მფრინავ ობიექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტი დაახლოებით 6 000 მეტრის სიმაღლეზე, მიჩიგანში, ჰურონის ტბის თავზე დაფრინავდა და "შესაძლოა სამოქალაქო ფრენებისთვის საფრთხე ყოფილიყო".

ობიექტი ჩამოაგდეს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ბრძანებით, რომელსაც საფუძვლად ედო თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინის რჩევა. 

მფრინავი ობიექტი უვნებელყო F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა, AIM9x-ის რაკეტით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩამოსაგდებად შერჩეულ იქნა ისეთი ლოკაცია, სადაც ობიექტის ნარჩენები მოქალაქეებს საფრთხეს არ შეუქმნიდა და მათი მოპოვება მარტივი იქნებოდა.

ასევე, პენტაგონი აღნიშნავს, რომ ობიექტი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ 12 თებერვლის დილით დააფიქსირა, ჩამოგდებამდე თავდაცვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მახლობლად დაფრინავდა. 

პენტაგონის შეფასებით, ობიექტს სამხედრო ზიანის მიყენების შესაძლებლობა არ ჰქონდა, თუმცა იყო საფრთხე დაზვერვითი შესაძლებლობებისა და სამოქალაქო ავიაციისთვის შექმნილი რისკების გამო.

პენტაგონის განცხადებით, მათი ჯგუფი ობიექტის ნარჩენების შეგროვებასა და შესწავლას ეცდება.

მანამდე, კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ კანადის თავზე მოძრავი უცნობი ობიექტი ჩამოაგდეს.

4 თებერვლის შემდეგ ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში ამერიკის საჰაერო ძალებმა მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. 

თავდაპირველად აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

საბოლოოდ, 4 თებერვალს აშშ-მ ბუშტი ჩამოაგდო. მისი ნამსხვრევები ჩამოვარდნის შემდეგ მოიპოვეს და საკვლევად წაიღეს. ჩინეთი ნარჩენების უკან დაბრუნებას ითხოვს.

კომენტარები