მფრინავი ობიექტები აშშ-ს საჰაერო სივრცეში

ტრუდო: აშშ-ს საჰაერო ძალებმა კანადის თავზე მოძრავი უცნობი ობიექტი ჩამოაგდეს

Darryl Dyck/The Canadian Press via AP, File

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, მისი ბრძანებით, აშშ-ს საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ კანადის თავზე მოძრავი უცნობი ობიექტი ჩამოაგდეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ალასკაში განადგურებულ გაურკვეველი წარმოშობის ობიექტს ჰგავდა. 

აშშ-სა და კანადის გაერთიანებულმა ორგანიზაცია ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობამ 10 თებერვალს შენიშნა ობიექტი, რომელიც ალასკას თავზე დაფრინავდა და მეორე დღისთვის უკვე კანადის საზღვარი გადაკვეთა.

ტრუდო ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ლიდერებმა გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის თქმით, ობიექტი დაახლოებით შუადღის 4 საათვის ჩამოაგდეს. მისი განმარტებით, ჯერ ობიექტის წარმოშობაზე საუბარი ნაადრევია.

F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა ბოლო 7 დღეში აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი ობიექტი ჩამოაგდეს, მათგან მხოლოდ ერთის წარმოშობაა საჯაროდ ცნობილი და მას ჩინეთს უკავშირებენ.

გუშინ, 11 თებერვალს თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალასკის თავზე მოძრავი გაურკვეველი წარმოშობის ობიექტი ჩამოაგდეს

მანამდე კი თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

საბოლოოდ, 4 თებერვალს აშშ-მ ბუშტი ჩამოაგდო. მისი ნამსხვრევები ჩამოვარდნის შემდეგ მოიპოვეს და საკვლევად წაიღეს. ჩინეთი ნარჩენების უკან დაბრუნებას ითხოვს.

კომენტარები