იაპონია

იაპონიის მთავრობის კვლევით, იაპონელთა 94.7% რუსეთის მიმართ არამეგობრულადაა განწყობილი

იაპონიის მთავრობის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით, იაპონელთა 94.7% რუსეთის მიმართ "მეგობრულად არ არის განწყობილი". მოცემულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი 1978 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც კვლევას ეს კითხვა დაემატა, რეკორდულად მაღალია და წინა წელთან შედარებით 8.3%-ით გაიზარდა. 

რუსეთის მიმართ მკვეთრად გაზრდილი უარყოფითი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება და ტოკიოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუარესებაა. 

გამოკითხულთა მხოლოდ 5%-მა თქვა, რომ რუსეთის მიმართ მეგობრულად არის განწყობილი, რაც წინა წელთან შედარებით 8.1%-ით ნაკლებია. 

ასევე, 2021 წელს რუსეთ-იაპონიის ურთიერთობას "კარგად"  20.6% აფასებდა, წელს კი პროცენტული მაჩვენებელი 3.1%-მდე დაეცა. 

თუმცა, ნეგატიური დამოკიდებულების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის 57.7% მაინც თვლის, რომ რუსეთ-იაპონიის ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იაპონიამ რუსეთს მრავალი სანქცია დაუწესა. ამასთან ერთად, ტოკიოსა და მოსკოვს შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, რუსეთმა იაპონიასთან არსებული სამშვიდობო მოლაპარაკებები დატოვა და გაწყვიტა ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, რომლებიც სადავო კურილის კუნძულებს უკავშირდებოდა.

კომენტარები