პოლონეთი

"მაპატიეთ მე ცოდვილს" – პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კირილისთვის მილოცვაზე

Orthodox.pl/Jarosław Charkiewicz

"მაპატიეთ მე ცოდვილს" - პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი სავა რუსეთის პატრიარქისთვის მისალოცი წერილის გაგზავნის გამო შენდობას ითხოვს. მისი თქმით, სურს ყველა ინტერპრეტაციას წერტილი დაუსვას. ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ გმობდა და გმობს "რუსეთის დანაშაულებრივ შეჭრას დამოუკიდებელ უკრაინაში". მისი განმარტებით, რუსეთის პატრიარქს მისალოცი წერილი მხოლოდ "პროტოკოლის გამო" გაუგზავნა და მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარება არ გაუთვალისწინებია.

"არაერთხელ გამოვთქვი ჩემი გაოცება და უხერხულობა უკრაინის ომზე პატრიარქ კირილის სიტყვების გამო. მე არც ვიზიარებდი და არც ვიზიარებ ამ მოსაზრებებს - მიმაჩნია, რომ ისინი არ ემსახურება უკრაინაში მშვიდობის აღდგენას და უარყოფითად მოქმედებს მართლმადიდებლობის აღქმაზე...

...ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს ქვეყნის სრული თავისუფლების, სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენისაკენ სწრაფვაში" - ამბობს მეუფე სავა.

"ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, ჩემი წერილი გაიგზავნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პროტოკოლით დადგენილი მოთხოვნები შესრულებულიყო, რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინების გარეშე. ბოლო დღეების პერსპექტივა და ჩემი მრავალი განზრახვისა თუ სიტყვის ჩემი ზრახვების საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაცია აჩვენებს, რომ მე ვცდებოდი და სიტუაცია კი უფრო მეტ სიფრთხილეს მოითხოვდა. ამიტომაც გამოვხატავ სინანულს, რომ ასეთი დიდი მედიააჟიოტაჟი გამოვიწვიე, რომელმაც პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის საზოგადოებას დაუმსახურებელი ტკივილი მიაყენა.

მოგმართავთ თქვენ, ქრისტესმიერ ძმებს, დებს და ყველა ჩემს თანამემამულეს: მაპატიეთ მე ცოდვილს" - ნათქვამია ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტის წერილში.

მეუფე სავამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით მილოცვის წერილი რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა, რამაც პოლონეთში კრიტიკა გამოიწვია. პოლონურ მედიაში მის სიტყვებს "სკანდალური", "სამარცხვინო" და "თეოლოგიური აბსურდი" უწოდეს.


გასული წლის ნოემბერში რუსეთის პატრიარქს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც გაუგზავნა მილოცვის წერილი.   ილია მეორე კირილს დაბადების დღეს ულოცავდა და რუსეთ-უკრაინას შორის "მშვიდობის აღდგენას" უსურვებდა. 

კომენტარები