ვაგნერის ჯგუფი

"ვინც ბრძოლაზე უარს იტყოდა, კრებდნენ და ხვრეტდნენ" – ყოფილმა ვაგნერელმა CNN-თან ისაუბრა

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრები უკრაინაში.
РИА Новости

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ყოფილმა მაღალი რანგის წევრმა, ანდრეი მედვედევმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ რუსეთიდან ნორვეგიაში გაიქცა, CNN-თან ისაუბრა

მისი თქმით, ვაგნერის ახალწვეულებს ბრძოლაში პირდაპირ, ზედმეტი მითითებების გარეშე გზავნიდნენ და ახალბედებს დაუნდობლად ეპყრობოდნენ. 

"ერთად შეკრებდნენ მათ, ვისაც ბრძოლა არ სურდათ და ახალბედების წინ ხვრეტდნენ. ორი პატიმარი მოიყვანეს, რომლებმაც ბრძოლაზე უარი თქვეს. მათ ყველას თვალწინ ესროლეს და შემდეგ პირდაპირ მწვრთნელების მიერ გათხრილ სანგრებში დამარხეს". – თქვა ანდრეი მედვედევმა CNN-თან. 

26 წლის მედვედევი, რომელიც აქამდე რუსეთის ჯარში მსახურობდა, ვაგნერს მოხალისედ შეუერთდა. კონტრაქტი 2022 წლის ივლისში გააფორმა და უკრაინაში დაახლოებით 10 დღეში გაგზავნეს. ის ბახმუტში, დონეცკის რეგიონში იბრძოდა. მედვედევის თქმით, ის ანგარიშებს პირდაპირ ჯგუფის დამფუძნებლებს, ევგენი პრიგოჟინსა და დმიტრი უტკინს აბარებდა.

ყოფილი ვაგნერელი პრიგოჟინს "ეშმაკს" უწოდებს და ამბობს, ის რომ რუსი გმირი ყოფილიყო, იარაღს აიღებდა და ჯარისკაცებთან ერთად ირბენდა.

პრიგოჟინმა გასულ კვირებში დაადასტურა, რომ მედვედევი ვაგნერში მსახურობდა და თქვა, რომ ის "ტყვეების ცუდად მოპყრობისთვის უნდა გაესამართლებინათ". მედვედევმა CNN-ს უთხრა, რომ არ სურს ისაუბროს იმაზე, რასაც უკრაინაში თავად სჩადიოდა.

ანდრეი მედვედევის თქმით, ვაგნერს არ ჰქონდა სტრატეგია და სამხედროები გეგმებს საბრძოლო პროცესის დროს იფიქრებდნენ.

"რეალური ტაქტიკა არ არსებობდა. ჩვენ მხოლოდ ვიღებდით ბრძანებას მოწინააღმდეგის პოზიციის შესახებ... არ ყოფილა გამოკვეთილი ბრძანებები, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. თავად ვგეგმავდით როგორ მოვქცეულიყავით, ნაბიჯ-ნაბიჯ. ვინ გახსნიდა ცეცხლს, რა ცვლები გვექნებოდა... როგორ განვითარდებოდა, ეს ჩვენი პრობლემა იყო". – თქვა CNN-თან ყოფილმა ვაგნერელმა.

ნორვეგიაში დააკავეს ვაგნერის ყოფილი მაღალი რანგის წევრი, რომელიც რუსეთიდან გაიქცა

მედვედევის თქმით, მან დაკავებას თავი ათჯერ აარიდა და რუსი მესაზღვრეების ტყვიების აცილებაც შეძლო. მან საზღვარი გაყინული ტბის მეშვეობით გადაკვეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში 6 დღე ყოფნის შემდეგ, აღარ სურდა დაბრუნება, რადგან ნახა, რომ სამხედროებს საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ.

მედვედევმა ვაგნერში მოღვაწეობა დაიწყო ათკაციანი ჯგუფის მეთაურობით. ჯგუფის რიგები მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვაგნერში გაწევრიანების საშუალება პატიმრებსაც მისცეს.

ანდრეი მედვედევის თქმით, მას სურს მოყვეს საკუთარი ისტორია, რათა პრიგოჟინსა და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პასუხისგებასთან მიაახლოოს. მისი თქმით "ადრე თუ გვიან რუსეთში პროპაგანდა ვეღარ იმუშავებს, ხალხი აღდგება" და ლიდერებს შეცვლიან.

CNN-ის ჟურნალისტმა ანდრეი მედვედევს ჰკითხა, ეშინია თუ არა, რომ ასევე ყოფილი ვაგნერელის, ევგენი ნუჟინის ბედს გაიზიარებს. ნუჟინი კამერის წინ, უროთი მოკლეს. მედვედევის თქმით, ამ კადრებმა მას მხოლოდ  ვაგნერის დატოვების მოტივაცია მისცა. 

"ძაღლური სიკვდილია" – პრიგოჟინი ყოფილი ვაგნერელის სიკვდილით დასჯის კადრებზე

კომენტარები