ვაგნერის ჯგუფი

ნორვეგიაში დააკავეს ვაგნერის ყოფილი მაღალი რანგის წევრი, რომელიც რუსეთიდან გაიქცა

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მაღალი რანგის ყოფილი მებრძოლი, ანდრეი მედვედევი, რომელიც ნორვეგიაში რუსეთიდან თავშესაფრის მისაღებად გადავიდა, ნორვეგიის პოლიციამ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა.

ნორვეგიის იმიგრაციის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მედვედევი საიმიგრაციო აქტის მიხედვით დააკავეს და განიხილება, უნდა აღეკვეთოს თუ არა თავისუფლება. მედვედევის ადვოკატს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

რუსული უფლებათადამცველი ორგანიზაცია ამბობს, რომ მედვედევს შესაძლოა დეპორტაციის პროცესი შეეხოს და რუსეთში დააბრუნონ.

რუსული დისიდენტური ჯგუფი Gulagu.net-ის გამოქვეყნებულ ვიდეოში მედვედევი ამბობდა, რომ საზღვრის გადაკვეთის დროს, მას რუსმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს. ნორვეგიის პოლიციაში ამბობენ, რომ მათ რუსმა მესაზღვრეებმა შეატყობინეს, რომ საზღვარი, შესაძლოა, ვიღაცას დაერღვია.

მედვედევს კითხავს ნორვეგიის კრიმინალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულებსაც იძიებს. ყოფილ ვაგნერელს მოწმის სტატუსი აქვს.

Gulagu.net-ის ცნობით, მედვდედევმა, რომელმაც ვაგნერის ჯგუფი კონტრაქტის დასრულებამდე უნებართვოდ დატოვა, მათთან თქვა, რომ ის მზადაა ისაუბროს ყველაფერზე, რაც სამხედრო დაჯგუფებისა და მისი დამაარსებლის, ევგენი პრიგოჟინის შესახებ იცის.

მედვდედევის თქმით, მან ვაგნერის ჯგუფი მას შემდეგ დატოვა, რაც კონტრაქტი მისი სურვილის გარეშე გაახანგრძლივეს. ის ამბობს, რომ მზადაა ჩვენება მისცეს ომის დანაშაულებზე, რომლებსაც შეესწრო. თავად დანაშაულებში მონაწილეობას უარყოფს.

კომენტარები