მკვლელობა ვაზისუბანში

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ინტერპრესნიუსი

მშობლების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, გიორგი ბეროზაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაცია ტაბულას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს. 

პროკურატურის ინფორმაციით, ბეროზაშვილს დედ-მამასთან თანხასთან დაკავშირებული კონფლიქტი ჰქონდა. პროკურორის ცნობით, მან მიითვისა $21 000, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მამამ თანხის დაბრუნება მოითხოვა. 

27 აპრილს ვაზისუბანში კორპუსში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ადგილზე მისულმა მაშველებმა სახლში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მომდევნო დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს პირი, რომელმაც მძინარე მშობლები მოკლა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, სახლში ხანძარი გააჩინა, კარი ჩაკეტა და მიიმალა. 

ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

კომენტარები