კრიმინალი

"პირადი უთანხმოების გამო მძინარე მშობლების მოკვლისთვის კაცს ბრალი წარედგინა" – პროკურატურა

პროკურატურამ მშობლების მკვლელობისთვის დაკავებულ 29 წლის მამაკაცს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, დ.ბ-მ "წლების მანძილზე მშობლებთან პირადი კონფლიქტის და უთანხმოების გამო მათი მოკვლა განიზრახა". პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

"დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლას დაელოდა, რის შემდეგაც მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას, ზ.ბ.-ს თავის არეში ესროლა. შემდეგ კი მის მიერ უკანონოდ შეძენილი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას ლ.თ-ს ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიყენებული დაზიანების შედეგად ზ.ბ და ლ.თ. ადგილზე გარდაიცვალნენ. 

მკვლელობის შემდეგ დ.ბ.-მ კვალის წაშლის მიზნით სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, რის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა. სამართალდამცველებმა დ.ბ. 28 აპრილს დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს პროკურატურა.

დ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები