მკვლელობა ვაზისუბანში

ამ დრომდე უცნობია, დაკავებულია თუ არა კობა აღლემაშვილის სავარაუდო მკვლელი

ვაზისუბანში მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებს. ტაბულამ ვერ მიიღო პასუხები კითხვებზე, გახსნილია თუ არა საქმე და დაკავებულია თუ არა ვინმე 31 წლის კობა აღლემაშვილის მკვლელობისთვის, მაშინ, როდესაც გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციელია. ერთადერთი ინფორმაცია, რასაც შსს ახმოვანებს, ისაა, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.
კობა აღლემაშვილის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ლიფტთან გუშინ მეზობლებმა ნახეს. მათი თქმით, ხმაური არ გაუგიათ და შემთხვევის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, როცა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა მოკლული ლიფტთან იპოვა. გარდაცვლილის მამა, ზურაბ აღლემაშვილი ამბობს, რომ მსგავსი თავდასხმა მის შვილზე რამდენიმე თვის წინაც მოხდა.

კომენტარები