უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალი კირილო ბუდანოვის თქმით, ბანკირი დენის კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მანქანაში მოკლეს. ამის შესახებ ბუდანოვმა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ბუდანოვი ამბობს, კირეევი, რომელიც 2022 წლის მარტში მოკლული იპოვეს, უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან დიდი ხანი თანამშრომლობდა.
"როგორც სპეცსამსახურის მეთაური, დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენი თანამშრომელი იყო, ჯაშუში არ ყოფილა. ეს ერთი. და მეორე, მე ბატონ კირეევს 2009 წლიდან ვიცნობ. ეს, იმისთვის, რომ მიხვდეთ... ის დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჩვენი სტრუქტურის ყველა ყოფილ ხელმძღვანელთან". – თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვის თქმით, კირეევი СБУ-ს მანქანაში მოკლეს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
"ვიზიარებ მოსაზრებას და მჯერა ფაქტების, რომ ბატონი კირეევი СБУ-ს მანქანაში მოკლეს, როცა ისინი ამ პირის მიმართ ღონისძიებას ატარებდნენ. ეს ფაქტი დაფიქსირებულია, ეს გამოძიების მასალებშია. ყველაფერ დანარჩენს რაც შეეხება, გამოძიებას უკრაინის საგამოძიებო ბიურო ატარებს. არ მაქვს უფლება ამ ინფორმაციაზე კომენტარი გავაკეთო. ის რომ ამ მანქანაში [СБУ-ს] თანამშრომლებმა მოკლეს, ეს ფაქტია". – თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა ასევე დაამატა, რომ ის არ ელოდა СБУ-ს თანამშრომლები სამხედრო დაზვერვის შტატის თანამშრომელს ასე თუ მოექცეოდნენ. მისივე თქმით, ის ის უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელ მეთაურს, ივან ბაკანოვს ესაუბრა, თუმცა მან "ვერაფერი აუხსნა".
"ვთვლი, რომ საქმე ბევრად უფრო სიღრმისეულია. თუმცა, საკუთარ მოსაზრებას არ გავამხელ. მოდი, მხოლოდ ფაქტები შევაფასოთ. ფაქტები შემდეგია: ადამიანი, რომელიც СБУ-ს მოწვევით СБУ-ს შენობაში მიდიოდა, 200 მეტრში, ისე, რომ შენობამდე ვერც მივიდა, დაიჭირეს, შენობიდან ოდნავ შორს გაიყვანეს, გვამი კი ქუჩაში დააგდეს. აი, ფაქტები". – თქვა ბუდანოვმა.
რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ბუდანოვმა არ თქვა, ადამიანები, რომლებიც ბუდანოვის საქმეში ფიგურირებდნენ, კვლავ მუშაობენ თუ არა СБУ-ში.
2022 წლის 5 მარტს კიევის ქუჩაში იპოვეს ბანკირის, დენის კირეევის ცხედარი, რომელსაც კეფის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანება ეტყობოდა. თავდაპირველად, უკრაინულმა მედიამ უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ კირეევი სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი იყო და ის დაკავების დროს შემოაკვდათ. აქამდე, კირეევი მონაწილეობას იღებდა ომის დაწყების შემდეგ კიევსა და მოსკოვს შორის გამართულ პირველ მოლაპარაკებების პროცესზე, რომელიც ბელარუსში 28 თებერვალს გაიმართა.
უკვე 6 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კირეევი მათი თანამშრომელი იყო და "უკრაინის დაცვის დროს" დაიღუპა. დაზვერვა წერდა, რომ "სპეციალური დავალების შესრულების დროს" მათი კიდევ ორი აგენტი მოკლეს. კირეევი კიევში, გმირთა სასაფლაოზე დაკრძალეს. მეტიც, სიკვდილის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვის გამორჩეული წვლილისთვის განკუთვნილი ორდენით დააჯილდოვა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ კირეევის სიკვდილი ძალოვან სტრუქტურებს შორის კოორდინაციის უქონლობამ გამოიწვია.
კირეევის საქმესთან დაკავშირებული დეტალები 18 იანვარს ამერიკულმა გამოცემამ, The Wall Street Journal-მა გაასაჯაროვა სტატიაში – რუსეთის ჯაშუში თუ უკრაინის გმირი? დენის კირეევის უცნაური სიკვდილი. WSJ-სთან უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი ამბობდა, რომ კირეევის მიერ უკრაინისთვის გადაცემულმა ინფორმაციამ კიევი დაცემას გადაარჩინა.
ვრცლად:
მოღალატე თუ უკრაინის გმირი? – სპეცსამსახურების არაკოორდინირებულობის მსხვერპლი