რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: ახალი სამხედრო დახმარებით უკრაინა შეტევების განხორციელებასაც შეძლებს

Jason Franson/The Canadian Press/AP

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება საშუალებას მისცემს, დაიწყოს შეტევითი მოქმედებები საკუთარი ტერიტორიის დასაბრუნებლად.

"ის ფაქტი, რომ ასობით ახალი ჯავშანტექნიკა, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და საბრძოლო ტანკები ახლა ხელმისაწვდომია უკრაინისთვის, ქვეყნისთვის დიდ ცვლილებას მოიტანს. მხარდაჭერა არა მხოლოდ საშუალებას მისცემს უკრაინელებს, დაიცვან თავი რუსეთის ახალი თავდასხმებისგან, არამედ მათ შეეძლებათ ტერიტორიის დასაბრუნებლად განახორციელონ საკუთარი შეტევები". - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

"კონსულტაციები გაგრძელდება". - აღნიშნა სტოლტენბერგმა პასუხად, აზიანებს თუ არა გერმანი დასავლეთის ერთიანობას, რადგან უკრაინისთვის Leopard 2 ტანკის მიწოდებას აფერხებს.  

თუმცა, მან რამშტეინში, ასევე, აღნიშნა, რომ მოელის Leopard 2-ის ტანკების შესაძლო მიწოდებაზე მოლაპარაკებების განვითარებას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო, რომ ბერლინი ცალმხრივად აფერხებს Leopard-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გაგზავნას. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსენსუს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, დააჩქაროს ტანკების კიევისთვის მიწოდება.

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს. 

გერმანიის Leopard-ის ტანკებზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ეს სამხედრო ტექნიკა ფართოდ გამოიყენება ევროპაში, შესაბამისად, ნებართვის არსებობის შემთვევაში, რამდენიმე ქვეყანა შეძლებს უკრაინისთვის ტანკის მიწოდებას.

NATO-სა და თავდაცვის ლიდერები დაახლოებით 50 ქვეყნიდან გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე არიან შეკრებილნი. 

კომენტარები