რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია გეგმავს, უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გამოყოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის გაზაფხულისთვის მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა.

როგორც უკრაინული მედია გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-ზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის მსვლელობისას ილაპარაკა. 

პისტორიუსის თქმით,  სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა. 

მან აღნიშნა, რომ ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-სთვის უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება. 

ბოლოს გამოცხადებული პაკეტის გათვალისწინებით, გერმანიის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

"გერმანია არ გაჩერდება და არ იტყვის უარს უკრაინის მხარდაჭერაზე." – თქვა პისტორიუსმა.

ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ მოკავშირეებს უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების მიწოდების საკითხზე შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. 

აშშ და ევროპის ქვეყნები უკვე დაჰპირდა კიევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მეტ აღჭურვილობას მიაწვდიდა. პარალელურად კი იზრდება ზეწოლა ბერლინზე, რათა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გაუგზავნოს. 

"ეს Leopard-ები რუსეთში არ გაივლიან. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვიცავთ". - თქვა ზელენსკიმ და გერმანიის მთავრობის მერყევი დამოუკიდებლობა გააკრიტიკა. 

პოლონეთსა და ფინეთს Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გასაგზავნად გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის, ნებართვა სჭირდება. თუმცა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს

კომენტარები