კანადა

ახალი რეკომენდაციები კანადელებს ალკოჰოლის მოხმარების კვირაში 2 ჭიქამდე შემცირებისკენ მოუწოდებს

Ed Jones

კანადაში დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა (CCSA) ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები გამოსცა, რომლის მიხედვითაც, კანადელებმა კვირის განმავლობაში მაქსიმუმ 2 ჭიქა ალკოჰოლური სასმელი უნდა მიიღონ. საუკეთესო შემთხვევაში, ცენტრი მოქალაქეებს ალკოჰოლის რაციონიდან სრულებით ამოღებას ურჩევს. 

CCSA-ის ცნობით, ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ერთი შეხედვით, მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარებაც კი ჯანმრთელობას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. მოსალოდნელი რისკები მკერდის სიმსივნეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და ინფარქტს მოიცავს.

ახალი რეკომენდაციები დიდად განსხვავდება ცენტრის წინარე რჩევებისგან, რომლებიც 2011 წელს გამოქვეყნდა. ამ დრომდე კანადაში ალკოჰოლის მცირე ოდენობით მოხმარებად კვირის განმავლობაში 10 ჭიქამდე ქალებისთვის და 15 ჭიქამდე მამაკაცებისთვის მიიჩნეოდა. ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში საშუალოდ 2 ჭიქიდან კანადელებმა ალკოჰოლის მოხმარება კვირაში 2 ჭიქამდე უნდა დაიყვანონ. 

როგორც რეკომენდაციის ავტორები ამბობენ, ცვლილებები მხოლოდ რჩევის ხასიათს ატარებს და აკრძალვას არ გულისხმობს.

"ჩვენ უბრალოდ გვსურდა კანადელი ხალხისთვის მტკიცებულება გვეჩვენებინა. მათ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი რჩევა გაითვალისწინონ. მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს". - თქვა ახალი რეკომენდაციების ერთ-ერთმა ავტორმა. 

ახალ რეკომენდაციებს ბევრი სკეპტიკურად შეხვდა. მათ შორის ჯანმრთელობის ექსპერტებიც არიან. 

კომენტარები