რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WELT: ომის მძიმე პერიოდში ბულგარეთი უკრაინას ფარულად ეხმარებოდა

Sergei Supinsky

გერმანული მედიის, WELT-ის ინფორმაციით, გასულ გაზაფხულზე, როცა უკრაინამ საწვავისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობა განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნო, მან მოულოდნელი დახმარება ბულგარეთისგან მიიღო. როგორც გამომცემლობა იუწყება, ბულგარეთი ოფიციალურად უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა სინამდვილეში, ომის კრიტიკულად მძიმე თვეების განმავლობაში ქვეყანას აქტიურად ეხმარებოდა. 

ბულგარეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, კირილ პეტკოვისა და ყოფილი ფინანსთა მინისტრის თქმით, გაზაფხულის თვეებში უკრაინა საბრძოლო იარაღის 30%-ს და საწვავის 40%-ს სწორედ ბულგარეთისგან იღებდა. WELT-ის ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნების მტკიცებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც ადასტურებს: 

"კირილ პეტკოვმა დაამტკიცა თავისი კეთილსინდისიერება. იგი თავის პოლიტიკურ ძალაუფლებას მაქსიმალურად იყენებდა, რათა მძიმე ვითარებაში გამოსავალი ეპოვა. ამისათვის მე ყოველვთის მისი მადლიერი დავრჩები. მან გადაწყვიტა ისტორიის სწორ მხარეს დამდგარიყო".

პეტკოვი იძულებული იყო ფარულად ემოქმედა, რათა თავიდან აერიდებინა ბულგარეთის პრორუსული წრეების წინააღმდეგობა. მისივე თქმით, ანტიდასავლური განწყობა თავად მის პარტიაშიც იგრძნობოდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში პეტკოვმა თავდაცვის მინისტრი დაითხოვა, რადგან იგი წინააღმდეგი იყო უკრაინაზე თავდასხმა ომად მოეხსენიებინა. დღეს პეტკოვი ბულგარეთის ამჟამინდელ ოპოზიციის წარმომადგენელია.  

კომენტარები