საქართველო-რუსეთი

ბოკერია ლავროვზე: ყველა ინფორმირებული ადამიანისთვის ასეთი განცხადებები უნდა იყოს საგანგაშო

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ყველა ინფორმირებული ადამიანისთვის ასეთი განცხადებები უნდა იყოს საგანგაშო". 

მისი თქმით, ლავროვის განცხადება კიდევ ერთი "სიმპტომია, თუ როგორ დაუცველს ტოვებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსეთის აგრესიისგან".

"პუტინის რუსეთს, პუტინს, ლავროვს ახარებს, როდესაც საქართველო არის იზოლირებული დასავლეთისგან და მისი აგრესიისგან არის დაუცველი. ეგ იწვევს სწორედ სიხარულს და ყველამ, ვინც აქამდე მოტყუვდა ივანიშვილის პროპაგანდით, რომ თითქოს ეს ნიშნავს, რომ გადავრჩით რუსეთის თავდასხმას, უნდა გაიხსენოს მაგალითები, თუ რა მოსდით რუსეთის მოკავშირეებს, მათ შორის, ღია მოკავშირეებს, გაიხსენოს რა მოუვიდა ჩვენს მეზობელს, რა მოუვიდა თავის დროზე შევარდნაძეს, როცა დაუთმო, რა მოუვიდა იანუკოვიჩს, ამიტომ ეს განცხადება არის კიდევ ერთი სიმპტომი იმის, თუ როგორ დაუცველს ტოვებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს რუსეთის აგრესიისგან, ისევე როგორც ეს იყო 90-იან წლებში".- ამბობს გიგა ბოკერია. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რუსული დიპლომატიის 2022 წლის შეჯამებისადმი განკუთვნილ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დასავლეთის ზეწოლის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის გამბედაობა პატივსაცემია. მანვე აღნიშნა, რომ მოხარულია რუსეთისა და საქართველოს კონტაქტების აქტიურად განვითარებით და პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას იმედოვნებს. 

კომენტარები