ფულადი გზავნილები

დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 59.28% რუსეთის ფედერაციაზე მოდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 133.2%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 59.28% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 317.31 მილიონი დოლარი, რაც 699.23%-ით მეტია 2021 წლის დეკემბერთან შედარებით. 

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. რუსეთის ფედერაცია - $ 317.31 მლნ;
  2. იტალია - $43.20 მლნ;
  3. აშშ - $34.3 მლნ;
  4. საბერძნეთი - $20.67 მლნ;
  5. ისრაელი - $19.05 მლნ;
  6. გერმანია - $16.95 მლნ;
  7. ყაზახეთი - $12.86 მლნ;
  8. ყირგიზეთი - $10.67 მლნ;
  9. თურქეთი - $9.16 მლნ;
  10. ესპანეთი - $5.22 მლნ;

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით.

კომენტარები