ლევან ბერძენიშვილი

ბერძენიშვილი: მკვდარია მთავრობა, რომელიც იმ კაცის იმედზეა, ყვარელში რომ მელაპარაკებოდა

ჩვენ რომ სახელმწიფოებრიობა გვქონოდა, ხელისუფლება ყასიდად მაინც იტყოდა, რომ ის აღშფოთებულია ან შეწუხებულია, რადგან მოქალაქეს არ მიეცა საშუალება, ლექცია წაეკითხა. არანაირ კრიმინალს ჩვენ არ ჩავდიოდით, ნამდვილად ვიცი, ვინ როგორ იქცეოდა - მე ვიქცეოდი წყნარად, აუღელვებლად, არ ჩავერიე, არ შევედი დისკუსიაში, ავიტანე ყველაფერი, თუმცა კი აღარ ვარ პოლიტიკური ფიგურა, რომ ყველაფრის ატანის, თმენის ვალდებულება მქონდეს.

რა თქმა უნდა, მე ერთი წამით არ გამიჩნდება აზრი, რომ ყვარელი ან კახეთი, საქართველო - ყველა ასე ფიქრობს და სხვა, მაგრამ შთაბეჭდილება ისეთი დარჩა, რომ ამ უწიგნურ და, უკაცრავად და, ძალიან სერიოზულად დაქოქილ ადამიანებს ეძლევა საშუალება, რომ მართონ ქვეყანა. იმას, სად ჩატარდება ლექცია, სად არ ჩატარდება ლექცია, წყვეტს ადამიანი, რომელმაც სიტყვა ლექციის მნიშვნელობა არ იცის. 

[...] სახელისუფლებო პარტიის ერთი მხარდამჭერი არ მოიძებნა, ვინც თქვა, რომ ყველაფერი, მაგრამ ლექციის ჩატარების ჩაშლა არ არის სასიხარულო ამბავი. ყველას მოეწონა, მთავარი ეს არის, რომ ამ მომხრეებისთვის ასეთი პატარა გამარჯვებები, თურმე, ძალიან საჭიროა. პირიქით, აღფრთოვანებულები არიან, მათ შორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებიც გაცილებით უკეთ ერკვევიან, ვიდრე იქ მოყვანილი ოროსანი სუფლიორები. გაცილებით უფრო მაღალი დონის ხალხი ბრწყინვალე ხასიათზეა, მოსწონთ, რომ გამარჯვებას მიაღწიეს. მე ვფიქრობ, რომ ისინი გეგმავენ ასეთ პატარა გამარჯვებებს და მათთვის ეს დიდი ამბავია. მოვუწოდებ მათ - მე 4 უნივერისტეტში ვასწავლი, მობრძანდნენ და თბილისშიც ჩამიშალონ, ხომ დამპირდნენ, რომ საერთოდ ამ ქვეყნიდან გამაძევებენ. [...] ხელისუფლების მომხრეები ვერაფრით ვერ ხვდებიან, როგორ ხევენ უკან ქვეყანას. სხვათა შორის, ჩვენ მანქანა არ მოგვიბრუნებია, ჩვენ უკუსვლით წავედით, როგორც მთელი ქვეყანა. 

[...] ხელისუფლება, რომელიც იმ კაცის იმედზეა, მე რომ დღეს მელაპარაკებოდა, მკვდარია. მან, შეიძლება, ამის შესახებ არ იცის, მაგრამ ვწუხვარ, რომ ჩანაწერს ვერ ვაკეთებდი. მე არ მინდოდა, ტელეფონი ამომეღო და მათსავით მოვქცეულიყავი. არ ვთვლი თავს ამ ხალხის თანასწორად და მე მათთან დიალოგში ვერ შევალ. სიამოვნებით შევიდოდი დიალოგში იმათთან, ვინც უწერს ამ სცენარებს, ოღონდ იმასთანაც მაქვს შენიშვნები, რომ კარგი იქნებოდა, თავის დროზე, როცა სტუდენტები იყვნენ, მეტი ყურადღება მიექციათ მშობლიური  ენისთვის და, საერთოდ, კულტურისთვის. 

ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი. გუშინ, 15 იანვარს ყვარლის ევრო-ატლანტიკურ ცენტრში ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ადგილზე შეკრებილებმა მას პიკეტირება მოუწვეს, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა. 

კომენტარები