დონალდ ტრამპი

ტრამპის ორგანიზაცია ნიუ იორკის სასამართლომ $1.6 მილიონით დააჯარიმა

დონალდ ტრამპი

ტრამპის ორგანიზაცია, რომელიც აშშ-ს ყოფილი, 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების ქონებას მართავს, ნიუ-იორკის მანჰეტენის სასამართლომ $1.6 მილიონით დააჯარიმა. ნიუ იორკის კანონის მიხედვით, ეს მაქსიმალური ოდენობაა, რითაც კომპანია შეიძლება დაჯარიმდეს. 

გასულ თვეს ნიუ-იორკის მანჰეტენის სასამართლომ ტრამპის ორგანიზაცია საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ის 15-წლიანი თაღლითობის საქმეში ყველა ბრალდებაში, მათ შორის საგადასახადო სისტემის მოტყუებასა და ბიზნესის ჩანაწერების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

უძრავი ქონების ბიზნესს კანონით დახურვის საფრთხე არ ემუქრება. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით, არც ერთ ბრალდებულს პატიმრობა არ მიესაჯა. თუმცა როგორც CNN-ი იუწყება, თაღლითობის ბრალდებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს კომპანიის რეპუტაციაზე, რაც მის სამომავლო საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს.


საქმეში მთავარი ბრალდებული ტრამპის ორგანიზაციის ყოფილი ფინანსური დირექტორი, ალან ვაისელბერგი იყო, რომელმაც ბრალი აღიარა და კომპანიის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მას 5-წლიანი პატიმრობა და არადეკლარირებული შემოსავლების - $1.7 მილიონის გადახდა მოუწევს. თავად ტრამპს ბრალი წაყენებული არ აქვს.

ამას გარდა, ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის, ლეტიცია ჯეიმსის მიერ აღძრული საქმეც ემუქრება, რომელიც ეხება მის შვილებსა და ბიზნესებს და სასამართლო პროცესი 2023 წლის ოქტომბერში ჩატარდება. თუ ტრამპი საქმეს წააგებს, დაკისრებულმა ჯარიმამ შესაძლოა $250 მილიონს მიაღწიოს.

კომენტარები