ინფლაცია საქართველოში

ბოსტნეული 27.4%-ით, პური 22.1%-ით, ყველი და კვერცხი 17.5%-ით გაძვირდა – წლიური ინფლაცია 9.8%-ია

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით შემცირდა და წლიურმა ინფლაციის დონემ 9.8% შეადგინა.  

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა.  

ერთ წელში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 16.3%-ით გაიზარდა, ტრანსპორტი 5.5%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 15.8%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 14.8%-ით, ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა 8.8%-ით, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 9.3%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა 3.6%-ით, ხოლო განათლება 6.6%-ით. 

წინა წელთან (2021) შედარებით, ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე: 

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 27.4% 
  • პური და პურპროდუქტები - 22.1%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 21.4% 
  • ყავა, ჩაი და კაკაო 18.4% 
  • რძე, ყველი და კვერცხი - 17.5%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 14.1%
  • თევზეული - 13.4%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 9.7% 
  • ზეთი და ცხიმი - 6.8%
  • ხილი და ყურძენი - 6.4% 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.41%-ით აისახა. 

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები 15.8%-ით გაიზარდა, რაც 1.58%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (37.4%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (10.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.1%). 

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5%-ით, რაც 0.64%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (11.6%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.2%). 

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები 9.3%-ით გაიზარდა, რაც 0.62%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (10.8%), ისე თამბაქოს ნაწარმის (7.6%) ქვეჯგუფებზე. 

კომენტარები