გლობალური ეკონომიკა

IMF: გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ უარესდება, მაგრამ ინფლაციას ალბათ ვერ დავძლევთ 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას თქმით, 2023 წელი გლობალური ეკონომიკისთვის კიდევ ერთი "მძიმე წელი" იქნება. მისივე შეფასებით, ცენტრალურმა ბანკებმა ფასების სტაბილურობა უნდა შეინარჩუნონ, რადგან ინფლაციის დაძლევა კვლავაც პრობლემას წარმოადგენს. 

"2023 წელს [ეკონომიკური] ზრდა შენელებას განაგრძობს. სურათის უფრო პოზიტიური ნაწილია შრომის ბაზრის მდგრადობა. სანამ ხალხი დასაქმებულია, ისინი ფულს ხარჯავენ, თუნდაც ფასები მაღალი იყოს. და ეს ეხმარება ეკონომიკას". – აღნიშნა გეორგიევამ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვარაუდობენ, რომ 2023 წელს 2.7%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ შემცირდება, რადგან ნავთობის ფასი არ გაზრდილა, ხოლო შრომის ბაზარი კვლავაც სტაბილურობას ინარჩუნებს. 

სავალუტო ფონდის დირექტორის თქმით, ჩინეთი, რომელსაც გლობალური ეკონომიკის ზრდაში წვლილი შეჰქონდა, შარშანდელი წელი “იმედგამაცრუებელი” შედეგებით დაამთავრა. თუმცა, როგორც გიორგიევამ აღნიშნა, სავარაუდოდ, 2023 წლის შუა რიცხვებიდან ჩინეთი, შესაძლოა გლობალურ ეკონომიკურ ზრდას დაეხმაროს იმ შემთხვევაში, თუ COVID-თან დაკავშირებულ ნულოვან პოლიტიკას შეცვლის. 

მას შემდეგ, რაც 2022 წელს გლობალური ეკონომის ზრდა 3.2%-მდე შემცირდა, ოქტომბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკის პროგნოზი 2023 წელს 2.9%-იდან 2.7%-მდე შეამცირა.

კომენტარები