გლობალური ეკონომიკა

კორანავირუსის პანდემიის გამო შესაძლოა 25 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგოს — ILO

gcn.com

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შესაძლოა 25 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგოს. ამის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის [ILO] კვლევაშია საუბარი, რომელიც 18 მარტს გამოქვეყნდა.

ILO-ს გათვლებით, Covid-19-ის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ზიანმა შესაძლოა 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროინდელ ზიანს გადააჭარბოს. ცნობისთვის, წინა ეკონომიკური რეცესიის დროს, მსოფლიოში 22 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა. 

კვლევაში, ასევე, ნათქვამია, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი საგრძნობლად შემცირდება თუ სახელმწიფოები კოორდინირებულ მოქმედებებზე გადავლენ და ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრ, პრევენციულ ზომებს მიიღებენ. 

კვლევაში გაწერილია რეკომენდაციებიც, რომლებიც უარესი შედეგის თავიდან ასაცილებლად უნდა გატარდეს. ორგანიზაციის მკვლევარების აზრით, სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკის სტიმულირება, მათ შორის, პირდაპირი ფინანსური ტრანზაქციებით და მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნონ თითოეული სამუშაო ადგილი. 

გუშინ გამოქვეყნდა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მომზადებული ანტი-კრიზისული გეგმა, რომლიც მოცულობაც 750 მილიონი ევროა. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროპის ცენტრალური ბანკი პროგრამას შეწყვეტს, როცა მიიჩნევს, რომ კორონავირუსის კრიზისი ჩავლილი იქნება, თუმცა ამ წლის ბოლომდე პროგრამა მაინც გაგრძელდება.

"არაორდინალური დრო არაორდინალურ მოქმედებას მოითხოვს. ჩვენს ერთგულებას ევროსადმი ლიმიტი არ აქვს. ჩვენ მოწადინებულნი ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ინსტრუმენტების მთლიანი პოტენციალი ჩვენი მანდატის ფარგლებში," - წერს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი.

კორონავირუსის კრიზისის ფონზე მასტიმულირებელ ზომებს მსოფლიოს გარშემო მიმართავენ როგორც მთავრობები, ისევე ცენტრალური ბანკები. მაგალითისთვის, აშშ-ს ცენტრალურმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ საპროცენტო განაკვეთის დაახლოებით 1%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

გაიგეთ რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოს ეკონომიკაში ყოველდღიური მიმოხილვიდან.

კომენტარები