უამინდობა საქართველოში

ძლიერი ქარის გამო, ზუგდიდში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაშალეს

ძლიერი ქარის გამო, ზუგდიდში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაშალეს. ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის ცენტრმა "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე" მიიღო. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, ძლიერი ქარის გამო, სამეგრელოში დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, ასევე, 2 ამბულატორიის შენობის,  5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის, 3 საჯარო სკოლის დარბაზის,  10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. 

გიორგი გუგუჩიას ინფორმაციითვე, წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახადა ქარმა სახურავი, იყო სახლის დანგრევის საფრთხე და აბაშის მერიამ ოჯახი სასტუმროში გადაიყვანა. 

სახელმწიფო რწმუნებული მიმართავს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ გარეთ და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.

კომენტარები