უამინდობა საქართველოში

რწმუნებული: ძლიერმა ქარმა სამეგრელოში 966 სახლის და 38 კორპუსის სახურავი დააზიანა

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურა დააზიანა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, ასევე, 2 ამბულატორიის შენობის,  5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის, 3 საჯარო სკოლის დარბაზის,  10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. 

გიორგი გუგუჩიას ინფორმაციითვე, წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახადა ქარმა სახურავი, იყო სახლის დანგრევის საფრთხე და აბაშის მერიამ ოჯახი სასტუმროში გადაიყვანა. 

ასევე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის ცენტრმა თავისუფლების მოედანზე არსებული ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. 

"პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით და მადლობა გადავუხადო უამრავ ადამიანს, რომელიც ამ ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობს იმისთვის, რომ სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული, ვგულისხმობ მუნიციპალურ სამსახურებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს, შსს სხვადასხვა ქვედანაყოფს, ენერგო-პროს, სოკარის ავარიულ ჯგუფებს, სამაშველო სამსახურს“ - თქვა გიორგი გუგუჩიამ. 

სახელმწიფო რწმუნებული მიმართავს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ გარეთ და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.

კომენტარები