რუსული ფემინისტური და ანტიპუტინისტური პანკ ჯგუფის, Pussy Riot-ის თანადამფუძნებელი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა ლოს ანჯელესში, ცნობილი არტ დილერის, ჯეფრი დაიჩის გალერეაში პირველ სოლო შოუს დადგამს.
ცნობილი აქტივსტის ახალ ვიდეოპერფორმანსს პუტინის ფერფლი ეწოდება. როგორც ნამუშევრის თრეილერში ჩანს, ტოლოკოლნიკოვა ქალების ჯგუფს მიუძღვება, რომლებიც პუტინის პორტრეტის დაწვის სარიტუალო ცერემონიას ატარებენ.
ნამუშევრის ინსპირაცია რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა, პერფორმანსში ქალები პუტინის წინააღმდეგ სხვადასხვა შელოცვებს იყენებენ და მის დაგვიანებულ გადადგომას ან სულაც მის სიკვდილს წარმოადგენენ. მონაწილეებს შორის უკრაინელი დევნილებიც არიან, რომლებსაც ქვეყნის დატოვება ომის გამო მოუწიათ.
"ყველას, ვინც პერფორმანსში მონაწილეობს, ვლადიმირ პუტინთან ძლიერი და ფსიქიკურ-ენერგეტიკული ურთიერთობა აკავშირებთ. ნამუშევარი მაგიურ აქტივისტურ აზროვნებას გამოხატავს. არის მომენტები, როდესაც მხოლოდ მაგიას და კოლექტიურ ძალას შეუძლია ჩვენი გადარჩენა და ამ პერფორმანსში სწორედ ამის გამოხატვას ვცდილობთ". - თქვა ტოლოკოლნიკოვამ.
გამოფენა 27 იანვარს Pussy Riot-ის პერფორმანსით გაიხსნება და 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დამსწრეებს შესასვლელში წითელი ბალაკლავები დაურიგდებათ. ტოლოკოლნიკოვას თქმით, ბალაკლავების დარიგება ხაზს უსვამს მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ იდეას – ყველას შეუძლია გახდეს Pussy Riot-ის წევრი.