რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ბახმუტთან მტერი შევაჩერეთ და მათი მეთაური მოვკალით

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ბახმუტთან ახლოს მესაზღვრეებმა რუსების ქვეითი ჯარი შეაჩერეს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელმა მებრძოლებმა ოკუპანტების ქვეითი ჯარის მეთაური მოკლეს და მტრის იარაღი გაანადგურეს, რის შედეგადაც რუსმა ჯარისკაცებმა დანაყოფზე კონტროლი დაკარგეს და უკან დაიხიეს. 

6 იანვარს, "საშობაო ზავის" დროს, რუსმა ოკუპანტებმა ბახმუტს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, დაზუსტებულია, რომ საცხოვრებელ უბნებზე ძლიერი ნაღმტყორცნებით სროლის შედეგად დაიღუპა 66 წლის კაცი და 61 წლის ქალი.

კიდევ ცამეტმა ადამიანმა მიიღო ნაღმების აფეთქებით და ნამსხვრევებით ჭრილობები. დაზიანდა და განადგურდა კერძო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები და სხვა ობიექტები.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საშობაოდ ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ე.წ. საშობაო ზავის ინიციატივით თავდაპირველად რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.

თუმცა, 6 იანვარს დაიბომბა ხერსონი, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ასევე, უკრაინაში საჰაერო განგაში 2 საათის განმავლობაში ისმოდა. 

 

კომენტარები