დონალდ ტრამპი

პრეზიდენტობისას გადასახადების დამალვა, ანგარიშები ჩინეთში – დონალდ ტრამპის დეკლარაციები

დონალდ ტრამპი
Joe Raedle / Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის 2015-2020 წლების საგადასახადო დეკლარაციები გამოაქვეყნა. დოკუმენტების თანახმად, ტრამპს მისი პრეზიდენტობის პერიოდში, 2020 წელს ფედერალური გადასახადები საერთოდ არ გადაუხდია, 2016-2017 წლებში მხოლოდ 750$ დოლარს იხდიდა, ხოლო 2018 წელს, დაახლოებით, $1 მილიონი გადაიხადა. ტრამპი გადასახადების მცირე რაოდენობას დიდი ფინანსური ზარალით ხსნიდა.

დოკუმენტები ასევე აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპს 2015-17 წელს ანგარიშები ჰქონდა ჩინეთში, ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოშიც. დეკლარაციებში საერთაშორისო ანგარიშების მნიშვნელობა ხაზგასმულია, რადგან ტრამპი პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან იკავებდა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე.

აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული დეკლარაციები სრულად არ ასახავს 2015-2020 ტრამპის ფინანსურ საქმიანობას და მასში შესულია 400-ზე მეტი ბიზნესის მხოლოდ ნაწილის შესახებ ინფორმაცია.

დოკუმენტების მიხედვით, აშშ-ს ფედერალურ შემოსავლების სამსახურს დონალდ ტრამპის ფინანსური საქმიანობის აუდიტი არ ჩაუტარებია მისი პრეზიდენტობის პირველ ორ წელს და პროცესი მხოლოდ 2019 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც დემოკრატები მის საგადასახადო ჩანაწერებზე წვდომის მოპოვებას ცდილობდნენ.

დეკლარაციებით ირკვევა, რომ ტრამპმა პრეზიდენტობისას იმაზე ნაკლები გადასახადი გადაიხადა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა. 2018 წელს მან და მისმა მეუღლემ ოფიციალურად $24.3 მილიონი გამოიმუშავეს, თუმცა გადასახადის სახით $1 მილიონზე ნაკლები, ანუ მხოლოდ 4.1% გადაიხადეს. 

შედარებისთვის, ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ 2009 წელს, როდესაც მათი შემოსავალი $5.5 მილიონი იყო გადასახადის სახით თანხის, დაახლოებით, 30% გადაიხადეს. 

მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციები ასახავს 2015-2020 წლებში ტრამპის ქონების, კომპანიების ნაწილის შემოსავლების თუ ზარალის შესახებ ინფორმაციას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა ექნებათ.

კომენტარები