ქრისტეშობის დღესასწაული

რაღა დროს ღმერთის რწმენაა?! – მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი

ქრისტეშობის დღესასწაული

რაღა დროს ღმერთის რწმენაა?! – მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი

ამ ბოლო წლებში იმდენი უბედურება დაატყდა ამ ჩვენს საბრალო პლანეტას, იმდენ ბოროტებას ჩავხედეთ თვალებში, რომ ამ ყველაფრის ფონზე ღმერთის რწმენაზე საუბარი საჩოთიროდაც შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს.

ჯერ კოვიდი, პანდემია, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეიწირა მთელს მსოფლიოში. დაგვიტოვა მილიონობით დაქვრივებული, დაობლებული, შვილმკვდარი ადამიანები მსოფლიოში... მერე ეს ომი დაგვატყდა თავს ყველას - მარტო უკრაინა არა! ცხადია ყველაზე მეტად ამ ომში უკრაინელები ზარალდებიან, ყველას მაგივრად, მაგრამ ეს ომი ყველასია...

ასეთ დროს, და ეს პირველად არ ხდება, როცა მშვიდობის ცა ისეა მოღრუბლული ამ პლანეტაზე,  რომ სინათლის ათინათებს ძნელად თუ მოჰკრავ თვალს სადმე: პირველი მსოფლიო, მეორე მსოფლიო, ჰოლოკოსტი,  აფაზეთი,  ჩეჩნეთი...ახლა უკრაინა.

ამ დროს სრულებით ლეგიტიმურად იბადება კითხვა: სად არის ღმერთი ამ დროს, როცა მისი დახმარება ასე სჭირდება ადამიანს. სად არის ღმერთი უკრაინაში, როცა ათიათასობით ადამიანი იღუპება ფრონტის ორივე მარეს, სად არის, როცა მოძალადეები ბავშვებს აუპატიურებენ და კბილებს ულეწავენ, სად არის ღმერთი როდესაც სამშობიაროებში დაბომბვისას იხოცებიან ორსული ქალები და ჯერ დაუბადებელი ბავშვები… სად არის, სად? სად არის ღმერთი თუკი მას მართლაც ადარდებს ადამიანის ბედი? იქნებ სულაც თავს ვიტყუებთ მისი რწმენითა და მისდამი სასოებით. როგორ დავიჯეროთ ღმერთისა, რომელიც არ, ანდა ვერ ერევა აშკარად ამ სამყაროს აწეწილ-დაწეწილ საქმეებში. 

მახსენდება თანამედროვე სპარსელი ფილოსოფოსის, მუჰამედ მალექის, სიტყვები, რომელიც  ამბობს: „ღმერთო, ღმერთობა თუ არ შეგიძლია, დაანებე ამ საქმეს თავი!“ ამ სამყაროს შემხედვარე, ადამიანს მართლა გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ღმერთს ღმერთობა მართლა არ შეუძლია ან არ გამოსდის. 

ელი ვიზელი, ცნობილი ამერიკელი ნობელიანტი მწერალი და პუბლიცისტი 15 წლისა იყო, როცა აუსშვიტცის საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდა (ტუსაღი ნომერი: A-7713) და სწორედ იქ შეესწრო თუ როგორ გაასამართლა სამმა ებრაელმა სწავლულმა ღმერთი. მათ ღმერთი ებრაელთა ბედის მიმართ გულგრილობის გამო გაასამართლეს და დამნაშავედაც სცნეს.  როგორც ვიზელი წერს, მას შემდეგ რაც რაბინებმა ღმერთი გაამტყუნეს, სიჩუმე ჩამოვარდა. ამასობაში ლოცვის დროც მოვიდა და სამივენი სალოცავად წამოიშალნენ... 

იუდაიზმისათვის ასეთი დამოკიდებულება უცხო არ არის.  ერემია ღვთისკაცს ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდება ღმერთისადმი საყვედურის სურვილი, როცა იერუსალიმს მტრები აიღებენ და ისრაელიანებს ბაბილონეთში გადაასახლებენ. ერემია, გოდების წიგნში, ჯერ გულიდან ამოიღებს ღმერთის მიმართ საყვედურსა და ტუქსვას, და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ღმერთს სადიდებელი სიტყვები უძღვნას. 

ცუდი ამაში არაფერია. სჯობია ღმერთს ჩვენი საყვედური ვუთხრათ გულწრფელად, ვიდრე ყალბ ღვთისმოსაობაში გავხვიოთ ჩვენი რისხვა და გულმოსულობა. 

კრიზისისას ჩვენი იმედგაცრუება ღმერთით იმიტომ არის გამოწვეული,  რომ ჩვენი წარმოდგენა ღმერთზე ნამეტანი ანთროპომორფულია. ამ  შემთხვევაში შეიძლება დაგვეხმაროს ის რასაც, ნეგატიურ თეოლოგიას ვეძახით. ეს არის ტრადიცია თეოლოგიაში რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ რა არ არის ღმერთი და არა -  რა არის ის. ღმერთი იმდენად სხვაა, იმდენად ტრანსცენდენტულია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე სახის ფარგლებში მოვაქციოთ. მისი აღწერის ყველა მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ღმერთი არსებაა, ვერ ვიტყვით, რომ ღმერთი ასეთია ან ისეთია. 

მონოთეისტურ რელიგიებს - ისლამს, ქრისტიანობას, იუდაიზმს - სწამთ, რომ ჩვენ იმდენი შეგვიძლია ვიცოდეთ ტრანსცენდენტულის შესახებ, რამდენსაც ტრანსცენდენტული თავად განგვიცხადებს. იუდაიზმში ღმერთი თავს გვიცადებს თორას მეშვეობით, ისლამში ის თავს გვიცხადებს ყურანის მეშვეობით, ქრისტიანობაში ის თავს გვიცხადებს იესო ქრისტეს პიროვნების მეშვეობით. ამის მიუხედავად სამივე რელიგია აღიარებს, რომ ჩვენი ცოდნა ტრანსცენდენტულის შესახებ მწირია და თავად ტრანსცენდენტულის ცოდნა მიუღწეველია. 

იესო ნაზარეველის შესახებ გატაცებით მოგვითხრობენ ახალი აღთქმის წიგნში მათესეული, მარკოზისეული, ლუკასეული და იოანსული სახარებები. ისინი გვიამბობენ ერთი კაცის ამბავს, რომელიც 2000 წინ მოღვაწეობდა რომის იმპერიის ერთ მიყრუებულ პროვინციაში. დედამისს მარიამი ერქვა, მის მიწიერ მამას იოსები. მან სამწელიწადნახევარი იქადაგა და ამ ხნის მანძილზე ის ხალხს ასწავლიდა, კურნავდა. უბრალო, სხვებისაგან დაჩაგრულ ადამიანებს - ქალებს, კაცებს - ანუგეშებდა, ხოლო რელიგიურ ადამიანებს ტუქსავდა და კიცხავდა თვალთმაქცობის გამო. ყვებოდა გასაოცარ იგავებს, მოტირალთან ტიროდა და მომხიარულესთან ხარობდა. ის კი არა, მკვდარსაც კი აცოცხლებდა.  თორმეტი მოწაფე ყავდა და ამ თორმეტის გარდა კიდევ სხვა ბევრი მიმდევარი ჰყავდა. ის თავს ღვთის შვილად მოიზრებდა (მათე 16:16,17). მას შეეძლო გაბედულად ეთქვა „მე ვარ გზა, მე ვარ სიმართლე და მე ვარ სიცოცხლე“ (იოანე 10:30). თავსი სულისკვეთებით ის მეამბოხეა: ის ებრძვის უსამართლობას, ტომობრიობას, ის არ თაკილობს მიიღოს საზოგადოებისგან დაწუნებული და ათვალწუნებული ადამიანები (მებაჟეები, ცოდვილები, უცხოტომელები...), მისთვის რელიგია ღმერთთან პერსონალური და ინდივიდუალური კავშირია და არა გარეგნული რიტუალები და ადათ წესები, რომელთა დარღვევისათვის მას ხშირად საყვედურობენ რელიგიური ესტაბლიშმენტის მომხრეები და წარმომადგენლები.  მისი არავის ესმის, მასთან დაახლოვებულ ადამიანებსაც კი. 

ერთხელაც მას ერთმა მოწაფემ სთხოვა, მოდი ღმერთი გვაჩვენეო, რაზედაც მან უპასუხა: „ამდენი ხანია მე თქვენთანა ვარ და რით ვერ გამიცანით? ვინც მე მიყურებს, ის მშობელ-ღმერთს უყურებს“ (იოანე 14:9). მისი არ ესმის ადამიანს, რომელიც მასთან ყველაზე ახლოს იყო, პეტრე მოციქულს. „რასაც მე ვაკეთებ ამას ახლა ვერ გაიგებ“ - ეუბნება ის პეტრეს (იოანე 13:7).

თავისი მოღვაწეობის დასასრულს მან თვის მოწაფეებს სანუგეშოდ ეს დაუბარა: “ჯავრი ნურაფრისა გექნებათ! დაიჯერეთ ღმერთისა და დაიჯერეთ ჩემი. ჩემი ზეციერი მშობლის სახლში უამრავი ბინაა. ეს ასე რომ არ იყოს მე არ გეტყოდით, თქვენთვის ადგილის მოსამზადებლად მივდივარ-მეთქი. ადგილს რომ მოგიმზადებთ, მერე მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ. მერე მე და თქვენ ყველანი ერთად ვიქნებით. სადაც მე მივდივარ, იქ მოსასვლელი გზა არ შეგეშლებათ ...“ (იოანე 14:1-3).

ეს გზა, - რომელიც წესით არ უნდა შეგვშლოდა, მაგრამ შეგვეშალა და დღესაც გვეშლება -  გადის ბეთლემში ღარიბი ყმაწვილის შობაზე, რომელსაც დღეს აღვნიშნავთ. ეს ის გზაა, ღმერთთან რომ მივყავართ. ეს გზა მშვიდობაზე გადის, რადგან იესო ნაზარეველი სახარებისეულ ნარატივებში ყველას გვევლინება, როგორც მშვიდობის ხელმწიფე. 

ამიტომ გალობდნენ ლუკასეული სახარების მიხედვით ანგელოზები: 

„დიდება მაღლა ცაში ღმერთს,

მშვიდობა დედამიწაზე ყველას,

ვინც ღმერთის მაამებელია!“

დღეს არა აქვს მნიშვნელობა, ვისა გვწამს ღმერთისა და ვის არა, შობის უმთავრესი გზავნილი მნიშვნელოვანია ყველასთვის: ამ პლანეტაზე ყველაზე მთავარი მშვიდობაა.  მას ალტერნატივა არა აქვს. ოღონდ ეს მშვიდობა ის მშვიდობა არ არის ჩვენ რომ წარმოგვიდგენია. მშვიდობის ანტონიმი ომი არ არის. მისი ანტონიმი დისჰარმონიაა. 

მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია თავი გამოვიდოთ, რომ ჩვენთან მშვიდობაა და გვგონია, რაკი რუსების ტანკების გრუხუნი არ ისმის თბილისში ეს უკვე მშვიდობაა. სამწუხაროდ ეს არ არის მშვიდობა!

როცა ამ ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია - ეს მშვიდობა არ არის.

როცა ამ ქვეყანაში მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს - ეს მშვიდობა არ არის.

როცა ადამიანი სიღარიბეში და წამლის ფულის უქონლობის გამო კვდება - ეს მშვიდობა არ არის. 

როცა ადამიანს ჩაგრავენ მისი ეთნიკური, რელიგიური, გენდერული და სექსუალური ორიენტაციის გამო - ეს მშვიდობა არ არის.

როცა ქვეყანაში ადამიანი იძულებულია ლუკმა-პურის საშოვნელად  სამშობლოდან წავიდეს და გადაიხვეწოს - ეს მშვიდობა არ არის.

როცა ახალგაზრდას ხელი არ მიუწვდება ხეირიან განათლებაზე მისი სოციალური მდგომარეობის გამო - ეს მშვიდობა არ არის.

როცა პოლიტიკური ელიტა ერთმანეთს არის გადაკიდებული და პოლარიზებული - ეს მშვიდობა არ არის. 

გარდა ამისა შეუძლებელია, რომ ამ პლანეტაზე სადღაც იყოს მშვიდობა, სადღაც არა. ჩვენ ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული. და არა მარტო ადამიანები, არამედ ამ სამყაროს მკვიდრები და წევრები. ამ სამყაროს ერთი წევრის ტკივილი, ყველას ტკივილი უნდა იყოს. სხვაგვარად ჩვენ მომავალი აღარ გვექნება. 

ჩვენ ყველანი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როცა ამ პლანეტაზე სიცოცხლის მომავალი სასწორზე დევს. 

გარემო-სამყაროზე მზრუნველობა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მშვიდობისა და სამართლიანობისა, რომლიც დღეს მთელ პლანეტას სჭირდება. სწორედ ამიტომ  არის ეს ომი მუხანათური, არა მარტო უკრაინელების, არამედ მთელი სამყაროს მიმართ. იმის მაგივრად, რომ მთელი პლანეტის რესურსები სიცოცხლის მომავლის გადარჩენაზე იყოს მიმართული, იძულებული ვარ, რომ მთელი ძალისხმევა ტირანიის შეკავებას მოვახმაროთ.  

უკრაინის ომმა ჩემს მეგობრებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. რამოდენიმეჯერ გამაგონეს: ეს კი ომი ცუდია, მაგრამ... ამ „მაგრამ-მა“ ძალიან დამაფიქრა. ნუთუ შეიძლება ადამიანმა თქვას „მაგრამ“-ი ამ შემთხვეაში?!  ერთხანს არ დაგიმალავთ, ისიც კი ვფიქრე: იქნებ ეს ჩემი მეგომრები არ ცდებიან და ეს „მაგრამ“-ი სრულებით ლეგიტიმურია-მეთქი. გადავწყვიტე საკუთარი თვალით მენახა ომის ქარ-ცეცხლში გახვეული ქვეყანა. როგორც კი მოვახერხე მაშინვე ჩემს ამერიკელ მეგობართან ერთად ჩავედი უკრაინაში. იქაური ჩემი მეგობრებისა და კოლეგების დახმარებით მოვინაულეთ დაჭრილი ქვეყანა:   ბუჩა, ირპენი, კიევი, როვნო, ლვოვი...იქ ჩასულს დამიხვდა სრულებით გარდასახული ქვეყანა. თავისუფელბისთვის და ღირსებისათვის მებრძოლი შეუპოვარი ხალხი.  შევხვდი ქრისტიანებს, ებრაელებს, მუსლიმებს. საეროებსა და სასულიერო პირებს. რის გამოც ახლა მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინელების შეოპოვრობა აღარავის გვიტოვებს „მაგრამებისა“ და „იცით რა“-ების ადგილს. ჩემთვის პატივი იყო მოწმე ვყოფილიყავი ამ ხალხის ტკივილისა და მათი სწრაფვისა მიაღწიონ ურყევ მშვიდობას, უმაგალითო  გმირობისა და თავდაუზოგავი შრომის ფასად.   

ლუკასეული სახარების მიხედვით, ყრმა ისოს შობის ამბავი ანგელოზებმა პირველად მეცხვარეებს ახარეს. მეცხვარეები კი, მოგეხსენებათ საზოგადოების ელიტას არ წარმოადგენდნენ. პირიქით, ისინი ათვალწუნებულებად ითვლებოდნენ რელიგიური და სოციალური პერსპექტივიდან. ანგელოზი მეცხვარეებს ამას ეუბნება: 

"ნუ გეშინიათ! იმისთანა ამბავი უნდა გითხრათ, ყველას რომ გაუხარდება დღეს...დაგებადათ თქვენი მხსნელი."

დღეს, ისე როგორც არასდროს ჩემს თაობაში, ეს სიტყვები უაღრესად რელევანტურია. შობა არა მარტო გვამცნობს მშვიდობის ხელმწიფის დაბადების ამბავს, არამედ  თამამად გვიკიჟინებს, რომ არ გვეშინოდეს არაფრისა და არავისა მშვიდობისა და სამართლიანობის გზაზე: არც ტირანისა, არც მისი დამქაშებისა და შეიარაღებისა: ტანკებისა, დრონებისა და რაკეტებისა. რადგან ღმერთი არა ტირანების, არამედ მშვიდობისმოყვარე ხალის მხარესაა. ღმერთი არ ტოვებს მათ, ვინც მსხვერპლია ძალადობისა და სიძულვილისა.  ამ სისასტიკესა და გაუტანელ წუთისოფელში, სადაც ასე ცივა და ბნელა, ბეთლემში, ბაგაში მწოლარე ბალღის ამბავი, ნუგეშია და ძალაა, რათა ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობისათვის, თანასწორობისათვის  და თავისუფლებისათვის. 

ყველას გილოცავთ შობას. ბედნიერებას ჯამრთელობას გისურვებთ ყველას, ვინც 25-ში აღნიშნავთ, ვინც 6 იანვარს აღნიშნავთ, ვინც 7 იანვარს აღნიშნავთ, ანდა, ვინც საერთოდ არ აღნიშნავთ. და ბოლოს,  მინდა გითხრათ: მე ასე მგონია,  რომ ღმერთის რწმენა დღეს მშვიდობის რწმენასა და მის სამსახურში დგომას ნიშნავს. ღმერთმა ყველას ხელი მოგვიმართოს ამ საქმეში.


მალხაზ სონღულაშვილი

თბილელი მიტროპოლიტი

მშვიდობის კათედრალი,

24 დეკემბერი 2022

 

კომენტარები