მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

იონათამიშვილი: სააკაშვილის მოწამვლაზე საუბარი ფალსიფიკაცია და სიცრუის ტირაჟირებაა

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილის მოწამვლაზე ყველანაირი საუბარი ფალსიფიკაცია და სიცრუის ტირაჟირებაა.

"მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე ნებისმიერი საუბარი არის ფალსიფიკაცია და სიცრუის ტირაჟირება. ამის არც ერთი ფაქტი და არგუმენტი არ არსებობს და ესეც მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნითაა მოტივირებული, რომ ჩვენს ქვეყანაში, რამენაირად, კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილი არ იყოს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის დამნაშავე, რომელიც საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებს და შესაბამისად, ის კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს". - ამბობს იონათამიშვილი.

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ თქვა, რომ ცენტრ ემპათიის მიერ გასაჯაროებული მიხეილ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებით, არავითარი მოწამვლა არ დასტურდება. ურთქმელიძის განცხადებით, სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებები მომწამლავი რაოდენობით არ არის და ის ნორმის ფარგლებშია. 

ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

კომენტარები