საქართველო-უკრაინა

უკრაინის საგარეო მდინარაძეს: არასდროს ჩავრეულვართ და არ ჩავერევით საქართველოს შიდა საქმეში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო ეხმაურება ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერის, მამუკა მდინარაძის სიტყვებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა სპეცოპერაცია იყო.

ნიკოლენკოს თქმით, უკრაინა არასდროს ჩარეულა და არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმიანობაში. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ომზე სპეკულირებს, რათა შიდაპოლიტიკური სარგებელი ნახოს. 

"როგორ ინსინუაციას აღარ ავრცელებენ ცალკეული ქართველი პოლიტიკოსები, რათა საქართველოში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობა მოიხსნან. უკრაინა არასდროს ჩარეულა და არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმიანობაში... ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა ვიწრო შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის უკრაინის ომზე სპეკულირებს". - წერს ნიკოლენკო საკუთარ Facebook-გვერდზე.

ამას გარდა, ნიკოლენკომ გაიმეორა უკრაინის მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაუშვან უკრაინის უმაღლესი რადის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სააკაშვილი უზრუნველყონ საჭირო სამედიცინო მომსახურებით, გადაუვადონ სასჯელი და გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან ამერიკის საავადმყოფოში.

გასულ დღეს მამუკა მდინარაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს გამოეხმაურა. ზელენსკი ამბობდა, რომ საჭირო იყო სააკაშვილის უკრაინულ, ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში გადაყვანა.

"საქართველოში სააკაშვილის გამოგზავნა იყო სპეცოპერაცია. დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება. ავტორებს ჩვენ არ ვასახელებთ - თავს ვიკავებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს უამრავი ამბავი, რაც კულისებში ბევრმა კარგად იცის, მაგრამ დიდ უხერხულობას შექმნის ამის გარეთ გამოტანა". - თქვა მდინარაძემ.

კომენტარები