თავდასხმა გიორგი კირთაძეზე

"გიორგი კირთაძის დევნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო" – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყეს. განცხადების მიხედვით, გამოძიება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან  დაკავშირებით ჩადენილი ძალადობის მუხლითაა დაწყებული.  

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 19 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

დღეს, 19 დეკემბერს, გიორგი კირთაძესა და ფორმულას ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ჩართვისას უცნობი პირი თავს დაესხა და კვერცხები ესროლა. როგორც კადრებში ჩანს, კვერცხების სროლის შემდეგ კირთაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ფორმულას ჟურნალისტს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი ყვება, რომ დაპირისპირებაში ჩაერთნენ პუტინისტური ალტ-ინფოს ოფისში მყოფი პირებიც, რომლებმაც მხარი თავდამსხმელს დაუჭირეს.  

"ინტერვიუს ვაძლევდი, ვსაუბრობდით, მათ შორის, შიდაპარტიულ არჩევნებზე და ასე მოგვივარდა ადამიანი, რომელმაც ჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებით და კვერცხების სროლით სცადა ჩვენი ინტერვიუს ჩაშლა და შეურაცხყოფის მოყენება. ლაჩრულად, შორიდან კვერცხების სროლით სცადა, რომ რაღაცა დაედგა. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რაც ხდება ამ ქვეყანაში - ასეთი ადამიანის პოვნა ბათუმში უჭირდათ, როგორც ჩანს, ერთი აღმოაჩინეს. იპოვეს ადამიანი, რომელიც ზრდილობის ყველა ზღვარს გადავიდოდა და ასეთ საქციელს ჩაიდენდა. ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან". - თქვა კირთაძემ.   

კომენტარები